ვინ არის სკანდალური მევახშე - ქონებას მითვლიან, 6 სახლიო, 7 მიწის ნაკვეთიო... ვინ მფარველობს, ვუი, ვუი, დამანებეთ თავი არ გამაცინოთ...
23 იანვარს, აღსრულების პოლიციამ თბილისში, კეკელიძის N1-ში მდებარე ბინიდან ხუთსულიანი ოჯახი გამოასახლა. როგორც ბინის ყოფილი მფლობელი მარინა ხატიაშვილი ამბობს, მან "საქართველოს ბანკიდან" თანხა 2008 წელს ისესხა, თუმცა 2013 წელს თვენახევრის ვადაგადაცილების გამო, საქმე სასამართლოს გადაეცა და ბანკის თანამშრომელმა ის კერძო იპოთეკარებთან გადაამისამართა - საბოლოოდ, ხატიაშვილებმა "საქართველოს ბანკს" 10-წლიან 20 000-ის სესხში 5 წელიწადში 43 000 დოლარი გადაუხადეს. კერძო იპოთეკარებისთვის კი მათ მთლიანობაში გადახდილი აქვთ 80 000 დოლარი.
აღსრულების ბიუროს პირველი შეტყობინება გამოსახლების შესახებ მარინა ხატიაშვილმა 2019 წლის შემოდგომაზე მიიღო. მაშინ მან სასამართლოს მიმართა და მოსამართლის გადაწყვეტილებით გამოსახლების პროცესი სამი თვით გადაიდო. ბინიდან გამოსახლების თარიღად 2020 წლის 4 თებერვალი დაინიშნა. იმ დღეს კეკელიძის პირველ ნომერში მისულ აღსრულების პოლიციას ოჯახმა და მისმა გულშემატკივრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. გამოსახლების პროცესი კიდევ გადაიდო და 2020 წლის 20 მარტისთვის დაინიშნა. მარტის დასაწყისში, კოვიდ-პანდემიის გამო, სახელმწიფომ გამოსახლებებზე საყოველთაო მორატორიუმი გამოაცხადა და მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლება პანდემიის დასრულებამდე შეჩერდა.
ოჯახის გამოსახლების კიდევ ერთი მცდელობა აღსრულების პოლიციას 2022 წლის 17 ივნისს ჰქონდა, თუმცა აუქციონზე გაყიდული ბინიდან მარინა ხატიაშვილის ოჯახის, მათ შორის ჩვილის, გასახლების გადაწყვეტილება შეცვალა ხმაურის, დაპირისპირებისა და ქუჩის გადაკეტვის შემდეგ.
აღსრულების პოლიცია კეკელიძის N1-ში მისული იყო გასულ წელსაც, ზუსტად 23 იანვარს. აღსრულების პოლიციამ, მოქალაქეებთან დაპირისპირების შემდეგ გადადო გამოსახლების პროცესი.
„სასამართლომ ბინა აუქციონზე გაიტანა და ვისგანაც თანხა ნასესხები მაქვს, იმანვე შეისყიდა. დავრჩი ღია ცის ქვეშ. სახელმწიფო აწყობილია სამევახშეო სისტემაზე და არავინაა დაინტერესებული, რომ სამართლებრივი გადაწყვეტილება დადგეს - არც ის მევახშე დაზარალებულიყო და არც ჩვენ. ზოგადად, სასამართლო სისტემა ემსახურება (რამდენიმე მოსამართლეა გამონაკლისი) მევახშეებს, ჩვენი მოსამართლეც ეჭვი მაქვს, გარიგებაში შევიდა დვალთან. რომ არა კორუფციული გარიგება, ეს საქმე ასე არ გადაწყდებოდა. ჩვენ უამრავი მასალა გვაქვს მოპოვებული, რომ ესენი არც გადასახადებს იხდიან და არც არაფერი. როცა ვჩიოდი, მოსამართლეებმა საქმე წარმოებაში არ მიიღეს", - აღნიშნა მარინე ხატიაშვილმა.
"ტვ პირველის" ინფორმაციით გაირკვა, რომ 68 წლის მევახშე დარეჯან დვალი ფლობს უამრავ უძრავ ქონებას და მის ანგარიშზეა 6 ბინა, 7 მიწის ნაკვეთი და სხვა.
„ამბები“ დარეჯან დვალს დაუკავშირდა, რომელმაც ყველა ბრალდება უარყო და ისიც, რომ მფარველები ჰყავს.
„ცუდად ვარ, აწეული მაქვს შაქარი და წნევა. ეს არ არის კარგი საქმე და მე ცუდად ვარ... რა ბრალდებებიც გაისმა, ყველაფერი ტყუილია, ვინც ჩემზე რაღაცეებს ლაპარაკობს, უთხარით, სიცრუეს თავი დაანებონ. ქონებას მითვლიან, 6 სახლიო, 7 მიწის ნაკვეთიო, და ვაიმე, დედა, რა ვქნა, 6 დედმამიშვილიც მყავს და ვერ გავწყვიტავ ვერც მათ და ვერც მათ შვილებს?! ყველას მე ვპატრონობ და ძალიან ბევრი გაჭირვებული მყავს - რძალმა შვილები მიატოვა, რომლებიც მე უნდა გავზარდო, ვუპატრონო და ამის გარდა, გაჭირებული კიდევ მილიონი მყავს. ვინ მაღალჩინოსანი მფარველობს, ვუი, ვუი, დამანებეთ თავი, არ გამაცინოთ, კანონია ჩვენი მფარველი! ცუდად ვარ და ისე ნუ იზამთ, უარესად გავხდე" - ამბობს დარეჯან დვალი.
ambebi.ge