"უფალო, მომეცი ამის ძალა", - რას წერს გიორგი კეკელიძე

22-01-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

გიორგი კეკელიძე თავის ახალ წიგნზე "ახალ სიმღერები" მუშაობს.

სოციალურ ქსელში მან თავისი ნაწარმოებიდან რამდენიმე მონაკვეთი გამოაქვეყნა:

„უფალო, მომეცი ძალა ვიყო სუსტი. მომეცი ძალა, ცრემლები არ ჩავიბრუნო, როცა მტკივა,

მომეცი ძალა, მტკიოდეს და ამ ტკივილის გამჟღავნებას სხვისთვის ვბედავდე.

მომეცი ძალა, საკუთარ თავს აღსარება ვუთხრა და არ დავმალო არცერთი ცოდვა, როგორც ოდესღაც, ბავშვობაში, ჩემი სოფლის მღვდელთან ვმალავდი.

მომეცი ძალა, ვიყო ისეთი, როგორიც შენ გამაჩინე, ვიყო და არ შემრცხვეს.

მომეცი ძალა რომ ვიწამო სასწაულების, რომელიც გუშინწინ ვნახე და გუშინ გადავიფიქრე – როცა შუაღამისას დედაჩემის ლოცვას ვხედავდი და მიკვირდა, რომ დედაჩემი მოხრილი იყო და ჩრდილი გამართული და არ ვიცოდი, რომ სასწაული არის სწორედ ასეთი მარტივი, ასეთი ფრთხილი და თანაც უზარმაზარი. ან ვიცოდი და დავივიწყე.

მომეცი ძალა, სუსტი ვიყო – საკუთარ თავს ასე უფრო იოლად ვზიდავ, უფრო იოლად დავინახავ, უფრო ავწონი და გავზომავ, რადგან მაშინ ვეღარსად ვერ დამემალება“.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები