„პატრიარქის მომავალ სამყოფელში ოდნავ ბჟუტავდა სინათლე. კართან მოხუცი მონაზონი შეეგება... დეკემბრის ბოლო იყო, გარეთაც ციოდა და შიგნითაც...“ - უწმინდესის აღსაყდრების დღე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან - 46 წელი შესრულდა. ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს.
„46 წელი არის წლები წამებისა, მაგრამ ეს წამება იყო და არის სასიხარულო. ღვთის ლოცვა-კურთხევა გვაძლიერებდა ჩვენ და თქვენი სიყვარული. ჩვენ მადლობელი ვართ თქვენი სიყვარულისთვის“, - ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა.
ფეისბუქ გვერდი "თბილისური ამარკორდი" პატრიარქის აღსაყდრების ეპიზოდს (წყარო ჟურნალი "ეპიზოდი") იხსენებს.
საზეიმო აღსაყდრების გამო ბანკეტი სასტუმრო „ივერიაში“ გაიმართა. შემდეგ კი მოტოციკლეტისტების ესკორტმა სიონის გვერდით, საპატრიარქო რეზიდენციამდე მიაცილა. რამდენიმე ნათესავიც მიჰყვა.
პატრიარქის მომავალ სამყოფელში ოდნავ ბჟუტავდა სინათლე. კართან სოხუმიდან ჩამოყოლილი მოხუცი მონაზონი, მატუშკა მანიფა შეეგება, მუხლებში ჩაუვარდა, პატრიარქობა მიულოცა. მოხუცი წამოაყენა, თავზე ხელი გადაუსვა, დალოცა და ცარიელ შენობაში შევიდა.
დეკემბრის ბოლო იყო, გარეთაც ციოდა და შიგნითაც. საგანგებოდ მორეცხილი იატაკს შავ ლაქებად აჩნდა სისველე. ოთახის კედლებზე წინამორბედ პატრიარქთა სურათები ეკიდა, ყველასთან მივიდა, გაჩერდა, პირჯვარი გადაიწერა და ქართული ეკლესიის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის მადლობა მოახსენა. შემდეგ ისევ გამოვიდა, ნათესავებს დაემშვიდობა.
გულდამძიმებული წამოვიდა ნელი შიოლაშვილი, ბოლოს ნანახმა იმ დღის სიხარული ჩაუმწარა. შინდაბრუნებულმა დედას უამბო, როგორ ჩატარდა აღსაყდრება, როგორ მიაცილეს საპატრიარქომდე მათი საამაყო ბიძაშვილი და სრულიად მარტო, ერთი სუსტი, გაცრეცილი მოხუცის ანაბარად დატოვეს.
- "როგორ, ჯალაბობიდან არავინ დარჩა?" - იკითხა დედამ.
- "დედა, დღეიდან მისი ჯალაბობა მთელი საქართველოა და ის უნდა იყოს ყველას პატრონი." - უპასუხა ნელიმ.
იმ საზეიმო დღეს ერთმა სასულიერო პირმა დანანებით თქვა: "პატრიარქმა ჩაიბარა სუდარაგადაფარებული ეკლესიაო."