ძველი კალენდრის ვერდათმობის გამო,ჯერ კიდევ მარხვაში, 31 დეკემბერს მოდის ახალი წელიწადი, ოჯახებში იწყება საცივის და ნუგბარის მზადება - დეკანოზი თამაზ ლომიძე
სასულიერი პირების გარკვეული ნაწილი უკვე ღიად გამოახატავს პროტესტს, შობის დღესასწაულის ძველი სტილით 7 იანვარს აღნიშვნის გამო. აი რას წერს მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი თამაზ ლომიძე ოციალურ ქსელში:
ქრისტეს შობა ყოველთვის იდღესასწაულებოდა 25 დეკემბერს. რატომ?
1) ქრისტეს შობის ზუსტი თარიღი არსად არის ნახსენები სახარებაში. თუმცა, ბიბლიაში ზუსტი თარიღებიც ნახსენებია მაშინ, როცა ეს საჭიროა, მაგ. პასექის აღნიშვნის დღე (გამ. 12, 2. 6) ან ნოეს კიდობნის ხმელეთზე შეჩერების დღე (დაბ. 8, 4).
ქრისტეს შობის ზუსტი თარიღის ჩაწერა არ ინება ღმერთმა სახარებაში, რადგან აქ მნიშვნელოვანია მოვლენა და არა ზუსტი თარიღი ანუ ქრისტეშობას ჩვენ ვდღესასწაულობთ არა ქრიტეს დაბადების დღეს ვიწრო გაგებით, არამედ განუმეორებელ მოვლენას - მიუწვდომელი ღმერთის კაცის ბუნებით შობას.
2) რადგან შობის ზუსტი თარიღი სახარებაში ნახსენები არ არის, ეკლესიამ გადაწყვიტა ღმრთის განკაცების მოვლენა ედღესასწაულა ყველაზე სიმბოლურ დღეს ანუ იმ მომენტში როცა დედამიწაზე დღე იმარჯვებს ღამეზე, როცა სინათლე იწყებს მატებას და სიბნელე კლებულობს, როცა მზე იწყებს უფრო დიდხანს ნათებას და ეს დღე არის 22 დეკემბერი. ხოლო 25 დეკემბერს აშკარაა, რომ ამიერიდან დღე იმატებს და იმატებს და ის საბოლოოდ გამარჯვებულია ღამეზე. თან ამ დღეს წარმართული სამყარო მზის დაბადებას დღესასწაულობდა. ამიტომაც ეკლესიამ დაადგინა, რომ სიმართლის მზის - ქრისტეს შობის მოვლენა (არ ზუსტი დაბადების დღე) უნდა ვიდღესასწაულოთ 25 დეკემბერს ანუ იმ დროს, როცა ბუნებაც ეთანხმება ღმერთის ნებას, რომ ნათელმა უნდა სძლიოს ბნელს, რომ დღემ უნდა გაიმარჯვოს ღამეზე. ეს დღე კი 25 დეკემბერია.
3) კალენდარი სხვა არაფერია თუ არა დიდი პლანეტარული საათი, რომელიც მექანიკური მოძრაობის
მიზეზების გამო, ხანდახან ჩამორჩება ხოლმე დროს. ამიტომ რამდენიმე საუკუნეში ერთხელ კალენდარს ასწორებენ, როგორც ნებისმიერ საათს. კალენდარი წინა საუკუნეშიც გაასწორეს და მივიღეთ 13 დღის ცდომილება. მაგრამ ზოგიერთნი ვერ შეელივნენ ძველ 25 დეკემბერს (ახლით 7 იანვარი), რადგან ის მიაჩნიათ ქრისტეს დაბადების ზუსტ დღედ და არ ესმით, რომ ამ დღეს ჩვენ მხოლოდ მოვლენას ვდღესასწაულობთ მისი შინაარსით. მაგრამ დღის გამარჯვება ღამეზე დღესაც ანუ ახალი კალენდრითაც ხდება 25 დეკემბერს ანუ ის მთავარი მიზეზი, რის მიხედვითაც დაწესდა ეს დღესასწაული, დღესაც 25 დეკემბერია.
ამიტომ, შობა უნდა იდღესასწაულებოდეს იმ დღეს, რომელიც ეკლესიამ დააწესა ანუ მაშინ, როცა ნათელი გამარჯვებულია ბნელზე და ეს დღე ჩვენი ახალი კალენდრითაც არის 25 დეკემბერი - წერს დეკანოზი.
მოგვიანებით თამაზ ლომიძემ ამ თემაზე კიდევ ერთი ფეისბუქ-პოსტი გამოაქვეყნა:
ნუთუ ვინმეს, განსაკუთრებით ქრისტიანებს შეიძლება მოსწონდეთ, რომ ძველი კალენდრის ვერდათმობის გამო, ისე ხდება ყოველ წელს, რომ ჯერ კიდევ მარხვაში, 31 დეკემბერს მოდის ახალი წელიწადი, ოჯახებში იწყება საცივის და ნუგბარის მზადება, მიდის ფუსფუსი და სამზადისი, იშლება საზეიმო სუფრები, იწყება ქეიფი, სტუმრობა და დროსტარება, რაც კარგია და ბუნებრივიცაა. ბევრი ქრისტიანიც კი ამ დროს არღვევს მარხვას ან ოჯახში ნაწილი მარხულობს, ნაწილი - ვერა, მარხვა აღარავის ახსოვს და ეს იწვევს უხერხულობას. ყველა გრძნობს, რომ რაღაც არ ხდება სწორად. ამ დროს ვიცით, რომ მსოფლიოს 10 მართლმადიდებელი ეკლესია და დანარჩენი ქრისტიანული სამყაროც 25 დეკემბერს უკვე შეხვდა ქრისტეშობას, დაამთავრეს მარხვა, იზეიმეს და ახლა ახალი წლის შემოსვლას ზეიმობენ თავისუფლად. შემდეგ ჩაივლის ახალი წლის დღეები, დღესასწაულისგან და ქეიფისგან დაქანცულებს მოგვისწრებს 7 იანვარი და ძველკალენდრელებმა ყველაზე ბოლოს უნდა ვიზეიმოთ ქრისტეს შობა ძველი სტილით. განა ეს თუნდაც პრაქტიკული თვალსაზრისით გამართლებულია? განსაკუთრებით მწვავედ ამას გრძნობენ ევროპაში მცხოვრები ქართველი მართლმადიდებლები; ხშირად 7 იანვარი ემთხვევა შუა კვირის სამუშაო დღეს, არავის სცლია და სრულიად არასადღესასწაულო გარემოში გვიწევს ხოლმე ქრისტეშობის შობის აღნიშვნა. უნდა დავფიქრდეთ ამაზეც!- წერს თამაზ ლომიძე.