იანვარში ჩემს ძმას დაარტყა წნევამ 34 წლის ასაკში, კომპიუტერზე გადაღების შემდეგ აღმოჩნდა, შემდეგ კი მამა გაბრიელის... - წმინდა ბერის დიდი სასწაულის შესახებ წერენ
2001 წლის ზაფხულში ჩემს მეუღლეს დაეწყო ტკივილები მკერდის არეში. მივმართეთ ექიმს, ჩატარდა ექოსკოპიური გამოკვლევა. აღმოჩნდა სიმსივნური კვანძი, ხოლო ონკოლოგიურ საავადმყოფოში ანალიზების შედეგად დადგინდა, რომ ეს იყო ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც იყო სასწრაფოდ საოპერაციო. ჩვენ ძალიან შევშინდით, ლაპარაკი იყო მკერდის მოკვეთაზე და კიდევ ამბობდნენ, რომ ოპერაციაზე გაირკვეოდა, შიგნით რა მდგომარეობა იქნებოდა. ოპერაციაზე დავთანხმდით. მანამდე კი ჩვენი ახლობლების რჩევით დავიწყეთ მამა გაბრიელის ზეთით მკურნალობა, ვლოცულობდით, დავდიოდით საფლავზე. ასე გავიდა ერთი თვე და ოპერაციის დღეც დადგა. ექიმმა ოპერაციის წინ ნახა, რომ სიმსივნე დაპატარავებულა და დიდი იმედი მოგვცა, მკერდის მოკვეთა აღარ იქნება აუცილებელიო. მართლაც, ოპერაცია ისე ადვილად ჩატარდა, რომ ექიმსაც გაუკვირდა. სიმსივნე მიმქრალიყო და პატარა ადგილზე შემოფარგლულიყო. ჩატარდა ამოკვეთა და არანაირი გართულება არ მოჰყოლია. ჩვენ მადლიერი ვართ მამა გაბრიელის და დარწმუნებული ვართ, რომ ამ ზეთმა მოახდინა ეს სასწაული.
როცა საავადმყოფოდან გამოვედით, მამა გაბრიელის საფლავზე წავედით და იქ ცხვარი გავუშვით. ამის შემდეგ ჩვენს ოჯახში მუდმივად არის მამა გაბრიელის საფლავიდან წამოღებული ზეთი და საჭიროებისამებრ ვიყენებთ. თუ ვინმეს სჭირდება, მასაც ვუნაწილებთ.
2003 წლის იანვარში ჩემს ძმას დაარტყა წნევამ (34 წლის ასაკში). კომპიუტერზე გადაღების შემდეგ აღმოჩნდა ანევრიზმა გამსკდარი, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია და საჭიროებს აუცილებელ ოპერაციულ ჩარევას. მდგომარეობას ართულებდა ის, რომ ეს ანევრიზმა იყო თავის ტვინის ქვედა მხარეს, წინა შემაერთებელ არტერიულ ხიდზე. ოპერაცია ანევრიზმის გასკდომიდან მეათე-მეთორმეტე დღეს უნდა გაკეთებულიყო, რომ მიგვეღო ყველაზე ოპტიმალური შედეგი და ავადმყოფის გადარჩენის შანსი მაქსიმალური ყოფილიყო. მაგრამ მეშვიდე დღეს მოხდა ანევრიზმის განმეორებითი გასკდომა და ჩატარდა სასწრაფო ოპერაცია. მიუხედავად იმისა, რომ ექიმები ვერ იძლეოდნენ გადარჩენის შანსს, ჩემი ძმა გადარჩა.
მთელი ამ ხნის განმავლობაში ვხმარობდით მამა გაბრიელის საფლავიდან აღებულ ზეთს და თუ არა უფლის სასწაული, ჩემი ძმა ნამდვილად ვერ გადარჩებოდა.
მირიან ზირაქაძე