1000 და 3000 ლარიანი ჯარიმები ძალაში შედის - საჭირო ინფორმაცია მძღოლებისთვის
დედაქალაქის საზღვრებში, დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი ადგილის, ან დროის დარღვევით მოძრაობაზე ადმინისტრაციული ჯარიმები იზრდება.
შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ინიციირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება.
პროექტით, თბილისში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობა პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების და ყოველ შემდეგ შემთხვევაში – 3000 ლარის ოდენობით.
ცვლილებების ინიციატორი „ქართული ოცნებაა“, რომელიც განმარტავს, რომ დედაქალაქში 650 ათასამდე სატრანსპორტო საშუალება გადაადგილდება, მათ შორის დიდი გაბარიტების მქონე 37 ათასზე მეტი სატრანსპორტო საშუალება, რაც ქმნის ე.წ. საცობებს და საავარიო სიტუაციების წარმოქმნის რისკს, განსაკუთრებით პიკის საათებში, ხოლო მათი დაზიანება დიდ ზეგავლენას ახდენს გზის გამტარუნარიანობაზე.