მოარიდეთ თქვენი ბავშვები, სკოლებში ამ პროდუქტების გაყიდვა აიკრძალა
ტკბილი და გაზიანი სასმელები, საღეჭი რეზინი, კანფეტები, შოკოლადი, თხილი და სხვა არაჯანსაღი პროდუქტების გაყიდვა სკოლის კვების ობიექტებში აიკრძალა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის ხელმოწერით დამტკიცდა „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის დადგენილი მინიმალური მოთხოვნები“, სადაც ასახულია სკოლის კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის ჯანსაღი კვებითი უნარ-ჩვევების რეკომენდაციები – აკრძალული მზა კვების პროდუქტები და ინგრედიენტები, სკოლის კვების ობიექტის თანამშრომელთა პირადი ჰიგიენის მოთხოვნები და სხვა.
ვინ ონაწილეობს სკოლის კვების ობიექტის მონიტორინგში
24 ნოემბერს გამოცემულ ბრძანება ითვალისწინებს, რომ შესაბამისი სახელმწიფო უწყებების გარდა, სკოლის კვების ობიექტს, ყოველდღიურ მონიტორინგს გაუწევს სკოლის მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება საბაზო და/ან საშუალო საფეხურის მოსწავლეებით, სკოლის მოსწავლეთა მშობლებით, მასწავლებლებით (სასურველია ბიოლოგიის), სკოლის ექიმი/ექთნით და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებით.
სკოლა უფლებამოსილია მონიტორინგის ჯგუფში ჩართოს მუნიციპალიტეტში არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრისა და მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლებიც.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის დადგენილი მინიმალური მოთხოვნები
მინიმალური მოთხოვნების შესახებ მომზადებული ბრძანების დანართი 7 მუხლისგან შედგება:
1. სკოლაში კვების ობიექტის ორგანიზების ფორმები
1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში (შემდგომ – სკოლა) საკვებითმომსახურების ორგანიზებისთვის დასაშვებია სკოლამ: ა) იურიდიული პირის დაფუძნების ან მეიჯარესთან გაფორმებული ხელშეკრულების გარეშე უზრუნველყოს საკვებით მომსახურება; ბ) გამოყოს ფართი იჯარით ინვენტარით ან მის გარეშე და შესაბამისმა ბიზნეს- ოპერატორმა უზრუნველყოს საკვებით მომსახურება.
2. საკვებით მომსახურების მიმწოდებელი ბიზნესოპერატორი ვალდებულია განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში კანონმდებლობის შესაბამისად. რეგისტრაციისას მიუთითოს საქმიანობის კონკრეტული სახე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დამტკიცებული საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორით მინიჭებული ნომერი და კონკრეტული საქმიანობის ადგილი/ადგილები (ფაქტიური მისამართი/მისამართები).
3. საკვებით მომსახურებისთვის ფართის იჯარით გაცემის შემთხვევაში მეიჯარე ვალდებულია სკოლას წარუდგინოს: ა) ამონაწერი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან იჯარით აღებული ფართის მისამართზე შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების მითითებით; ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ განხორციელებული სახელმწიფოკონტროლის/ინსპექტირების აქტები. 4. რეკომენდებულია სკოლის კვების ობიექტს უზრუნველყოფილი ჰქონდეს პოს ტერმინალით ანგარიშსწორება.
2. ზოგადი მოთხოვნები სკოლაში კვების ობიექტისადმი
1. სკოლის კვების ობიექტი უნდა აკმაყოფილებდეს „ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილებითა და „ტექნიკური რეგლამენტის – მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №301 დადგენილებით გათვალისწინებულმოთხოვნებს.
2. სკოლის კვების ობიექტის მოწყობისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 6 თებერვლის №01-40/ო ბრძანებითდამტკიცებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული რეკომენდაციით(გაიდლაინით) – „წყალი, სანიტარია და ჰიგიენა სკოლაში“ განსაზღვრული სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები სასმელი წყალმომარაგების, სანიტარიული ინფრასტრუქტურისა და დასუფთავებისადმი.
3. ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს სკოლაში საკვებით მომსახურებას, კვების ობიექტზე საქმიანობის დაწყებიდან 1 თვის განმავლობაში ვალდებულია უზრუნველყოს სააგენტოს მოწვევა ინსპექტირების განსახორციელებლად და იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს მიერ გაიცა მითითებები, სააგენტოს ინსპექტირების აქტით განსაზღვრულ ვადებში ასრულებს მათ.
3. სურსათის სახეობები სკოლის კვების ობიექტში
1. ბიზნესოპერატორი, სკოლაში საკვებით მომსახურების განხორციელებისას, ხელმძღვანელობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 27 ოქტომბრის №01-306/ო ბრძანებით დამტკიცებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაციით(გაიდლაინით) – „ჯანსაღი და უსაფრთხო კვება სკოლაში“.
2. არაგადამდებ დაავადებათა განვითარების რისკის შემცირებისა და სიმსუქნის პრევენციის მიზნით, შერჩეული უნდა იქნეს შაქრის ნაკლები შემცველობის სურსათი, მათ შორის სასმელი.
3. დაუშვებელია ტკბილი და გაზიანი სასმელების შეტანა (მათ შორის ხილის სასმელების, გაზიანი/უალკოჰოლო სასმელების, აღდგენილი სასმელების, ენერგეტიკული სასმელების) და გამოყენება.
4. კვებისათვის შერჩეული უნდა იქნეს დაბალი ცხიმის შემცველობის სურსათი. მიზანშეწონილია, ნაჯერი ცხიმები ჩანაცვლებულ იქნეს უჯერი ცხიმებით.
5. შერჩეული უნდა იქნეს მარილის/ნატრიუმის ნაკლები შემცველობის სურსათი.
6. ახალი პური წარმოადგენს თითოეული კვების აუცილებელ ნაწილს. ის შეიძლება შეიცვალოს ორცხობილით (დაუმტკბარი) ან მჭადით.
7. მოსწავლეთა კვებისათვის არ არის დასაშვები შემდეგი საკვებდანამატების შემცველი სურსათის გამოყენება: ა) ნატრიუმის ბენზოატი (E211) – კონსერვანტი; ბ) ტარტრაზინი (E102) – საღებავი; გ) ქინოლინისებრი ყვითელი (E104) – საღებავი; დ) ყვითელი „მზის ჩასვლა“ (E110) – საღებავი; ე) კარმუაზინი (E122) – საღებავი; ვ) პონსო ალისფერი 4R (E124) – საღებავი; ზ) წითელი ალურა AC (E129) – საღებავი.
8. მოსწავლეთა კვებისათვის არ უნდა იქნეს გამოყენებული მოზრდილთათვის განკუთვნილი სპეციალური და დიეტური პროდუქტები, მაგალითად, ქოლესტეროლის დამწევი ან სურსათი/სასმელი შაქრის შემცვლელი ხელოვნური დამატკბობლებით, როგორიცაა: ა) ასპარტამი (E951); ბ) სახარინი (E954); გ) სორბიტოლი (E420); დ) აცესულფამი K (E950); ე) სუკრალოზა (E955). 9. სპეციალური კვებითი საჭიროების მქონე ბავშვების კვებაში (საჭიროების შემთხვევაში) გამოსაყენებელი სურსათის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს ქვეყანაში დამტკიცებული გაიდლაინებისა და პროტოკოლების და/ან აღიარებული საერთაშორისო რეკომენდაციები.