ყველაზე მაღალი და დაბალი რადიაციის მქონე სმარტფონები

18-11-2023
გიორგი ზ.
Aa

სმარტფონები ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ადამიანთა დიდი ნაწილი ამ მოწყობილობას დღეში დაახლოებით 5-6 საათი იყენებს. მობილური ტელეფონები საკმაოდ მცირე რადიაციას ასხივებს, თუმცა საინტერესოა, რა განსხვავებაა სხვადასხვა სმარტფონის რადიაციის დონეებს შორის.

ამის დასადგენად Visual Capitalist-მა გერმანიის რადიაციისგან დაცვის ფედერალური ოფისის მიერ შეგროვებული მონაცემები გამოიყენა. მასზე დაყრდნობით კი, პოპულარული სმარტფონების რადიაციის დონე ერთმანეთს შეადარა.

სმარტფონები და სხვა მობილური მოწყობილობები რადიოსიხშირული (RF) გამოსხივების მცირე რაოდენობას ასხივებს. ადამიანის სხეულს ამ რადიაციის შთანთქმა შეუძლია. ტელეფონის გამოსხივების დონის გასაზომად გამოყენებული პარამეტრი არის სპეციფიკური შთანთქმის სიჩქარე (SAR). ეს არის საზომი ერთეული, რომელიც წარმოადგენს ელექტრომაგნიტური ენერგიის რაოდენობას, რომელიც შთაინთქმება სხეულის მიერ მობილური მოწყობილობის გამოყენებისას. ცნობისთვის, ევროკავშირის მიერ დადგენილი სტანდარტით რადიაციის დასაშვებ ზღვარს კილოგრამზე 2 ვატი წარმოადგენს.

მონაცემებზე დაყრდნობით აღმოჩნდა, რომ ყველაზე მაღალი გამოსხივება Motorola Edge-ს აქვს. SAR-ის დონე კილოგრამზე 1.79 ვატ რადიაციას უტოლდება. ეს მნიშვნელოვნად აღემატება დღეს ბაზარზე არსებულ სმარტფონების სხვა მოდელებს და ახლოსაა ევროკავშირის მიერ დაწესებულ ლიმიტთან.

ყველაზე დაბალი გამოსხივების მქონე სმარტფონი ZTE Blade V10 აღმოჩნდა, კილოგრამზე 0.13 ვატი რადიაციით. აღსანიშნავია, რომ Samsung-ის მობილური მოწყობილობები, ძირითადად, დაბალი რადიაციით ხასიათდება. კომპანიას აქვს ოთხი სმარტფონი, რომლებიც ამ კატეგორიაში საუკეთესოდ მიიჩნევა. მათ შორისაა Galaxy Note 10+, რომელიც კილოგრამზე 0.19 ვატ რადიაციას ასხივებს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად არ არსებობს მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც მობილური ტელეფონის რადიაციის მავნე ზემოქმედებას დაადასტურებს.

10 ყველაზე მაღალრადიაციული სმარტფონი: 

  1. Motorola Edge (გამოშვების წელი: 2020) – 1.79 ვტ/კგ.
  2. ZTE Axon 11 5G (2020) – 1.59 ვტ/კგ.
  3. OnePlus 6T (2018) – 1.55 ვტ/კგ.
  4. Sony Experia AX2 Plus (2018) – 1.41 ვტ/კგ.
  5. Google Pixel 3 XL/ 3A XL (2018) – 1.39 ვტ/კგ.
  6. Google Pixel 4A (2020) – 1.37 ვტ/კგ.
  7. OPPO Reno 5G (2019) – 1.36 ვტ/კგ.
  8. Sony Experia AZ1 (2017) – 1.36 ვტ/კგ.
  9. OnePlus 6 (2018) – 1.33 ვტ/კგ.
  10. Google Pixel 3 (2018) – 1.33 ვტ/კგ.


10 ყველაზე დაბალრადიაციული სმარტფონი: 

  1. ZTE Blade V10 (გამოშვების წელი: 2019) – 0.13 ვტ/კგ.
  2. Galaxy Note 10+ (2019) – 0.19 ვტ/კგ.
  3. Galaxy Note A80 (2019) – 0.22 ვტ/კგ.
  4. LG G7 Thinq (2018) – 0.24 ვტ/კგ.
  5. Galaxy Note M20 (2019) – 0.25 ვტ/კგ.
  6. Galaxy Note S10 5G (2019) – 0.26 ვტ/კგ.
  7. Motorola Razr 5G (2020) – 0.27 ვტ/კგ.
  8. LG G8X Thinq (2019) – 0.27 ვტ/კგ.
  9. Sony Experia 5 II (2020) – 0.28 ვტ/კგ.
  10. Huawei Y7 (2019) – 0.30 ვტ/კგ.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები