"საშინელი სისხლდენა დაიწყო და ვერ აჩერებენ... დაიწყო პანიკა... 18 წლის გოგო გვიკვდება და გვიშველეთო..." - თამარ მაყაშვილი იუბილარი ქალიშვილის დაბადებას და მძიმე ამბავს იხსენებს

27-10-2023
გიორგი ამილახვარი
Aa

მსახიობი თამარა მაყაშვილი თავის უფროს ქალიშვილს, რუსკას დაბადების დღეს ულოცავს და სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს. 

„1986 წლის ლამაზი შემოდგომის თბილისობის ღამე გახლდათ, საათის ისრები 27 ოქტომბერს გვაუწყებენ და მეც გამაქანეს მე-2 სამშობიაროში. მართალი გითხრათ, ძალიან გავერთე სანამ დაიწყებოდა, მარა რა დაიწყებოდა…

გენიალური ექიმების ბიგადა მუშაობდა და ვხალისობდით, მოქანდა ლეგენდარული ბატონი რეზო ღოღობერიძეც, თითქოს მას ველოდებოდით და აი, აქ კი დაიწყო, მოკლედ თავი რომ არ შეგაწყინოთ, ვიმშობიარე და ბაც… გართულება, ერთი კი მოვკარი ყური, გოგოაო და დაიწყო პანიკა.

დარბიან ექიმები, ცოტა არ იყოს და არაადეკვატური სახეებით და ამასობაში მეც მიმაძინეს) თურმე საშინელი სისხლდენა დაიწყო და ვერ აჩერებენ (ამოწურეს საავადმყოფოს სისხლის ბანკი და ახლა ქვევით ჩაფრინდნენ დახმარებისთვის:

„18 წლის გოგო გვიკვდება და გვიშველეთო… არც დაუყოვნებიათ იქ მდგარ ახალგაზრდებს და ყველამ პერანგის აკაპიწებით მკლავები გაუწოდეს, აუღებენ სისხლს და მერე ეკითხებიან: „ნასვამი ხომ არა ხართ?” აბა, რა იქნებოდა? თბილისობაა! სასოწარკვეთაში მყოფნი უკვე გამოსავალს ეძებენ. თან აგუებენ ოჯახს, რომ… და ამ დროს გამოჩნდა მამაკაცი, ქალიშვილი მოუყვანია სამშობიაროდ,„მე არა ვარ ნასვამიო”, ბრძანა და ეგრევე სტაცეს ხელი, ამოიყვანეს თურმე სამშობიარო ბლოკში, გვერდით მოუწვენიათ და აი, ასე გადამისხეს მისი სისხლი, რამაც ამ ქვეყანას დამაბრუნა! (ვინაობა დღემდე არ ვიცით, სთხოვა არ უთხრათო, მადლობა მას).

შედარებით შოკიდან გამოსულ ექიმებს გაახსენდათ, რომ გოგონა გაჩნდა, რომელიც იქვე მაგიდაზე წევს თავისთვის, დაუბანელი, შეუხვეველი და ასე იწვა ალბათ ეს გოგონა ,რომელსაც ჯერ სახელიც არ ჰქონდა და ფიქრობდა: არა უშავს, მოვა დრო და ყველას ეცოდინება, ვინ ვარ, რა ვარ და რა შემიძლია!!!

ასეც მოხდა, გავიდა დრო და ვფიქრობ, ყველასათვის საყვარელი და უკვე თავის სახელ დამკვიდრებული ქალბატონი რუსუდანი გახლდათ ის პატარა! რუსკა მაყაშვილს, უკვე ბრენდს, საამაყოს და საყოველთაოს გაუმარჯოოს!!!

გილოცავ! დაე, გვამაყოს მარად შენით მთელს საქართველოს! შენ კიდევ სათქმელი და გასაკეთებელი ბევრი გაქვს! წინ და წინ მწვერვალების დასაპყრობად! (ღირდა ამად ჩემი ამბავი!) ეს კი შენი მადლობა ჩემთვის, სიამაყით და სიხარულით, რომ ვუსმენ შენდამი მოფერებას! გკოცნი და გეხვევი, შენი დედა, თამარი!.. პ.ს ილიას დაბადების კადრები სიმბოლურად დავდე, სადაც მთელი ოჯახობა არიან…“, - წერს თამარ მაყაშვილი.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები