"ვერ ვუყურებ ჩემს შვილს თვალებში, ვერც ვანუგეშებ, რა ვუთხრა..." - გვანცა ბუბაშვილს ემოციურად ემშვიდობებიან
შოვში გარდაცვლილი კიდევ ერთი ადამიანის ცხედარის იდენტიფიცირება მოხდა. იგი გვანცა ბუბაშვილია.
ახალგაზრდა გოგონას სოციალური ქსელის მეშვეობით ემშვიდობებიან.
"პატარა ბავშვივით გაჯიუტებულს არ მინდოდა, რომ ეს დღე დამდგარიყო. ჯიუტად ვაჯერებდი ჩემს თავს და ანისაც, რომ სასწაულები ხდება. "დეე, გვანცა ხომ მაგარი გოგოა... აი, ნახე დე, გამოჩნდება. რაღაცნაირად უშველიდა თავს, სადმე იქნება უგონოდ და გამოჩნდება" - მაგრამ...
რაც დრო გადიოდა, ვხვდებოდი, რომ ეს სადმე… ეს იქნებ… ეს ალბათ... უკვე ლოგიკურ ჯაჭვს ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მაინც ბოლომდე ჯიუტად მჯეროდა, რომ არ მომიწევდა ჩემი შვილისთვის თვალებში ჩახედვა და იმის თქმა, რომ შენი სიცოცხლით სავსე გვანცა...
ვერ ვუყურებ ჩემს შვილს თვალებში, ვერც ვანუგეშებ, რა ვუთხრაა? გვანცა, ჩემო თბილო, ტკბილო და მოსიყვარულე გოგო, ძალიან მენანები, გული მეგლიჯება, სული მტკივა, ისე მენანები, მაგრამ ვაი, რომ ვერაფერს ვცვლით. იმ ცხოვრებაში "შევხვდებით რაჭაში", - წერს თეა ლობჯანიძე სოციალურ ქსელში.