"ტელეფონი გამუდმებით რეკავდა და არავინ ეკარებოდა, დედა ურეკავდა ბავშვს..." - საზარელი ტრაგედია მარტვილში

19-08-2023
ლექსო ნოზაძე
Aa

მარტვილში, ჭადრების ხეივნის მიმდებარედ 15 წლის მოზარდს, რომელიც ველოსიპედით მოძრაობდა, მანქანა დაეჯახა.

სამწუხაროდ, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მოზარდი გარდაცვლილი დახვდა.

„ტკივილი... ტკივილი გაუსაძლისი... ტკივილი უსაშველო... კიდევ ერთხელ ახდილი ცა დედის კივილით... კიდევ ერთი ტრაგედია... კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა ჭადრების ხეივანში და მსხვერპლი ჩვენი სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე აკო ჯაიანი.

აკო მორიდებული, ზრდილობიანი, სწავლის მოყვარე კონკურსებში გამარჯვებული, გარშემომყოფთა პატივისმცემელი, ბესიკ ხულორდავას სახელობის სტეპენდიანტი და კიდევ უამრავი რამ, რაც მას ღირსებას მატებდა.

ძალიან ძნელია წარსულ დროში აკოზე საუბარი, ძნელზე ძნელია...- ასეთ ემოციურ პოსტს უძღვნის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულ მოზარდს აკო ჯაიანს სკოლის პედაგოგი ნუნუ სილაგავა.

"ეზოში ვიყავი, უცებ საშინელი ხმა რომ გავიგე. მივხვდი, რაღაც უბედურება მოხდა, როგორც კი ქუჩაში გავედი, დავინახე ბავშვი ძირს ეგდო, გამწარებული ვკიოდი, შველას ვითხოვდი, წამებში მოვიდნენ მეზობლებიც, ბავშვი ადგილზევე გარდაცვლილი იყო. იქვე ეყარა მისი ნივთები. ტელეფონი გამუდმებით რეკავდა და არავინ ეკარებოდა, დედა ურეკავდა ბავშვს. ეს რა საშინელება ვნახე. შოკში ვარ, ფეხზე ვეღარ ვდგები, მთელი დღე განადგურებული ვარ", - ამბობს ფაქტის თვითმხილველი „კვირის პალიტრასთან“.

როგორც ცნობილია, მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები