“შოვის ტრაგედიამ კიდევ ერთხელ ყველას შეგვახსენა, რომ.." - პატრიარქი ახალ მიმართვას ავრცელებს

07-08-2023
გიორგი ზ.
Aa

საქართველოს საპატრიარქო შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით პატრიარქ ილია მეორეს წერილს ავრცელებს, რომელსაც “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ:

“შოვის ტრაგედიამ ერთხელ კიდევ ყველას შეგვახსენა, რომ არავინ იცის, წუთისოფლიდან გასვლის ჟამი ვის როდის დაუდგება; ამიტომაც ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ ამისთვის; ჩვენი მზადყოფნა კი ჩვენი მტკიცე რწმენა, ურთიერთსიყვარული და ჩვენს კეთილ საქმეთა სიმრავლეა.

ქრისტიანისთვის გარდაცვალება მხოლოდ დროებითი განშორებაა ახლობელთან და ამიტომაც ჩვენი მწუხარება სასოწარმკვეთი არ უნდა იყოს. აღდგომილმა მაცხოვარმა განაქარვა სიკვდილი და მარადიული სიცოცხლის ზეიმს დაუდო სათავე.

ესაა ჩვენი რწმენის საფუძველი, ჩვენი ნუგეშისა და იმედის წყარო; და ეს განწყობა, გლოვასთან ერთად, ყველას უნდა გვქონდეს.

მინდა, დღეს უფალს დიდი მარხვის სავედრებლის სიტყვებით მივმართო:

„რომელნი შთანთქა წყალმან, რომელნი მოსრნა წვიმამან და ღვართა და ნაფშვენმან სიმრავლემან შეაშთვნეს და დაფარა ქვეყანამან, ძვრამან და სვრამან და პირად-პირადმან სიკვდილმან, და მდინარეთა და წყაროთა შინა, სახლითა განგლილთა (სახლის ნანგრევებში მოყოლილთა) დაძვრისაგან დაფარულთა … სარწმუნოებით შენდა მოსულთა მორწმუნეთა, ქრისტე ღმერთო, წყალობით განუსვენე.“

ყოვლადწმინდაო სამებაო, ასევე გევედრები, გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და ახლობლები განამტკიცე, განაძლიერე და მშვიდობით შენით აკურთხე; დალოცე და სასოება შენი მოჰმადლე სრულიად საქართველოს, ამინ!” - წერია სამძიმრის წერილში.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები