"ყავის უზმოზე მიღება კატეგორიულად არ შეიძლება" - ნუტრიციოლოგი მოსახლეობას აფრთხილებს
ნუტრიციოლოგი ნაია ლატარია გადაცემაში „შუადღე“ ყავასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან დეტალებზე საუბრობს. მისი თქმით, ყავა სასარგებლო პროდუქტია, თუმცა მნიშვნელოვანია მისი ზომიერი მიღება.
"ყავა გემოვნურადაც კარგი სასმელია და ჯანმრთელობისთვისაც სარგებელი აქვს, თუმცა, რადგან კოფეინს შეიცავს, აუცილებელია დოზირების გათვალისწინება", - აღნიშნავს სპეციალისტი.
მისი თქმით, კოფეინის დღიური უსაფრთხო რაოდენობა 400 მილიგრამს შეადგენს, ორსულებისთვის კი მაქსიმალური დოზა 200 მილიგრამია. ამასთან, კოფეინს არ იღებთ მხოლოდ ყავიდან - ის შოკოლადშიც, ზოგ სხვა სასმელშიც გვხვდება.
რა რაოდენობის კოფეინია სხვადასხვა ტიპის ყავაში:
ხსნადი ყავა – 30-90 მგ
თურქული ყავა – 50-65 მგ
ესპრესო/ლატე/კაპუჩინო – 63-75 მგ
ორმაგი ესპრესო – 125-150 მგ
უკოფეინო ყავა – 2-7 მგ
შავი ყავა – უკალორიო, მაგრამ…
როგორც ლატარია განმარტავს, შავი ყავა პრაქტიკულად კალორიას არ შეიცავს, თუმცა რძიანი ყავები – კაპუჩინო, ლატე – შეიძლება 300-400 კალორიამდე იყოს, თუ მასში შაქარიც არის დამატებული. ეს ფაქტი განსაკუთრებით უნდა გაითვალისწინონ მათ, ვინც წონას აკონტროლებს.
მიუხედავად ამისა, რძიანი ყავა გარკვეული თვალსაზრისით სასარგებლოცაა, რადგან რძის საშუალებით ორგანიზმი ცილას იღებს.
რა უნდა ვიცოდეთ ყავის მიღების წესებზე:
ყავა არ უნდა მიიღოთ უზმოზე - კოფეინი ზრდის კუჭის მჟავიანობას და შესაძლოა ლორწოვანი გარსი გააღიზიანოს
ყავა რეკომენდებულია დილით ან დღის პირველ ნახევარში – ძილის წინ კოფეინი ძილის ხარისხს მნიშვნელოვნად ამცირებს
კოფეინისგან დასვენება საჭირო არ არის – მთავარია, ნორმა არ დაირღვეს
წყლის მიღება მნიშვნელოვანია – ყავას შარდმდენი ეფექტი აქვს, ამიტომ სხეულისთვის წყლის ბალანსი უნდა შევინარჩუნოთ
მითები და რეალობა ყავაზე:
მითი: ყავა იწვევს დიაბეტს
რეალობა: პირიქით – კვლევების მიხედვით, ყავა ამცირებს დიაბეტის რისკს
მითი: ყავა მუცლის მოშლას იწვევს
რეალობა: მხოლოდ გადაჭარბებულმა დოზამ შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს, განსაკუთრებით ორსულობის დროს
რეალობა: ყავა ხელს უწყობს დეპრესიის დაძლევას, აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციებს და შესაძლოა, ალცჰაიმერისა და პარკინსონის პრევენციაშიც კი ჰქონდეს როლი
რეალობა: ყავა ღვიძლის ჯანმრთელობისთვისაც მნიშვნელოვანია – გარკვეული კვლევებით, ის ღვიძლის კიბოს რისკსაც ამცირებს
როგორც ნაია ლატარია ამბობს, ყავას ბევრი სასარგებლო თვისება აქვს, მაგრამ სწორად შერჩეული დოზა და დღის სწორი დრო მის უსაფრთხოდ მიღებისთვის გადამწყვეტია.