თქვენი პაროლი შესაძლოა კიბერდამნაშავეების ხელშია – ნახეთ რას ამბობენ ექსპერტები

23-06-2025
გიორგი ზ.
Aa

მკვლევარებმა ინტერნეტის მომხმარებლებს პაროლების შეცვლა და უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღება ურჩიეს მას შემდეგ, რაც გამოავლინეს, რომ კიბერდამნაშავეებისთვის შესაძლოა 16 მილიარდი პაროლის ჩანაწერი იყოს ხელმისაწვდომი.

საიტ Cybernews-ის ექსპერტებმა 30 სხვადასხვა მონაცემთა ბაზა აღმოაჩინეს, რომლებიც, სავარაუდოდ, ინფორმაციის მოპარვისთვის განკუთვნილი მავნე პროგრამების (infostealers) ან წარსული გაჟონვების შედეგად შეიქმნა.

მათივე თქმით, მონაცემები ინტერნეტში მხოლოდ მოკლე დროით იყო ხელმისაწვდომი, თუმცა მათი მასშტაბი შოკისმომგვრელია. მონაცემებში აღმოჩენილია ისეთი სერვისების შესასვლელი დეტალები, როგორებიცაა Facebook, Apple და Google - თუმცა კომპანიებს ცენტრალიზებული გაჟონვა არ აღუნიშნავთ.

უკრაინელი კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ბობ დიაჩენკო, რომელიც კვლევის ავტორია, აცხადებს, რომ მონაცემები შემთხვევით ღიად დარჩენილ სერვერებზე იყო განთავსებული და შემდეგ მალევე წაიშალა. მისივე თქმით, ის ცდილობს დაუკავშირდეს იმ პირებსა და კომპანიებს, ვისი მონაცემებიც ამ ბაზებში აღმოჩნდა.

მიუხედავად ამისა, სხვა კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები სკეპტიკურად არიან განწყობილი - მათი ვარაუდით, მონაცემების დიდი ნაწილი უკვე წარსულში გავრცელებული იყო და შესაძლოა დუბლირებული ჩანაწერებიც მრავლადაა.

რისკების მიუხედავად, მომხმარებლებს რამდენიმე დაცვის ზომა ურჩევენ:

  1. პაროლების განახლება
  2. პაროლის მენეჯერების გამოყენება
  3. ორფაქტორიანი ავთენტიფიკაციის ჩართვა

Cybernews-ის თქმით, მონაცემთა ბაზების 85% infostealer-ის მეშვეობით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს, ხოლო 15% წარსულ გაჟონვებს - მაგალითად, LinkedIn-ის შემთხვევას უკავშირდება.

მკვლევარები ამ ფაქტს "მასობრივი ექსპლუატაციისთვის განკუთვნილ სქემად" აფასებენ - მათ შორისაა ანგარიშიების გატაცება, პერსონალური იდენტობის მოპარვა და მიზანმიმართული ფიშინგი.



FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები