ეჰ რა ბედნიერი ვიყავი დე 5წლის წინ, როცა შენ მყავდი გვერდით…მაპატიე კიდევ ერთხელ, რომ ვერ დაგიცავი ამ ბოროტ სამყაროში – თამარ ბაჩალიაშვილი 28 წლის გახდებოდა
თამარ ბაჩალიაშვილი დღეს 28 წლის გახდებოდა. მისი გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა.
მისი მშობელი დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს გვიზიარებს და შვილს მიმართავს.
„ეჰ რა ბედნიერი ვიყავი დე 5წლის წინ, როცა შენ მყავდი გვერდით. სიცოცხლე მიხაროდა რადგან ცხოვრება ფერადი იყო. ახლა ერთფეროვანი ან უფერულია, საჭმელი უგემურია, აღარც მზის ამოსვლა მიხარია და აღარც მთვარეს ვუთქვამ სურვილებს. სახეზე მეტყობა უშენობა.
ყოველი გასული დღე შენთან შეხვედრას მაახლოვებს. ჩემი ანგელოზი ხარ ზეციურ საქართველოში და სამუდამო სევდა. მადლობა უფალს შენი დედობა რომ მარგუნა. 23 წელი მაბედნიერებდი. გილოცავ 28წლის იუბილეს. მიყვარხარ და უსაშველოდ მენატრები. შეხვედრამდე. მაპატიე კიდევ ერთხელ რომ ვერ დაგიცავი ამ ბოროტ სამყაროში“, – წერს თეონა თამაზაშვილი.
„ტელეფონში ყველაფერი წაშლილია, აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება მკვლელობის მუხლით” – ბაჩალიაშვილის დედა
შეგახსენებთ, რომ 23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, იგი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
გამოძიების თანახმად, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, საქმე კი დაიხურა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ „შაბათის ფორმულასთან“ თვითმკვლელობის ვერსიის არსებობაში ეჭვი გამოთქვა, პროკურატურამ მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.