ცხელმა პერიოდმა გადაინაცვლა - როგორი ზაფხული ელის საქართველოს
როგორი ზაფხული გვექნება? - ეს კითხვა ყველანაირი გემოვნების, მოთხოვნილების, მრწამსის, ინტერესისა და ხასიათის ადამიანს აღელვებს. ამ თემაზე "კვირის პალიტრის" კითხვებს უპასუხებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი ხათუნა ქოქოსაძე:
- ზაფხული იქნება ცხელი და ნაკლებნალექიანი. პროგნოზის მიხედვით, ზაფხულის სეზონზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კლიმატურ ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალი, ხოლო ატმოსფერული ნალექები ნორმაზე ნაკლები და ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი.
რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წვიმა საერთოდ არ იქნება. ზაფხულის ცალკეულ დღეებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის კლიმატური ნორმიდან მნიშვნელოვანი გადახრები. კერძოდ, შესაძლებელია ქვეყნის დაბლობსა და ბარში ჰაერის ტემპერატურამ +39, +41, მთიან რაიონებში +37, +40, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +32, +35 გრადუსს მიაღწიოს. შესაძლებელია სეზონის ცალკეულ პერიოდებში ზაფხულისთვის დამახასიათებელი ექსტრემალური ამინდებიც - თბური ტალღები, გვალვა ან ძლიერი ნალექები.