სტალინის ვაჟმა სიმართლე თქვა, რასაც ყველას უმალავდნენ - ვასილის უცნობი ისტორია

07-06-2025
გიორგი ზ.
Aa

ბელადის უმცროსი ვაჟის ფიგურა მეტად წინააღმდეგობრივი იყო. ერთი მხრივ, ვასილი სტალინი წარმატებული მფრინავი და სამხედრო მეთაური იყო, ხოლო მეორე მხრივ – ალკოჰოლზე დამოკიდებული და ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანი. საბოლოოდ, მან სიცოცხლე პატიმრობაში დაასრულა: მიუსაჯეს 7 წელი, ჩამოერთვა ჯანმრთელობა, ყველა ჯილდო, წოდება, პენსია, დედაქალაქში ცხოვრების უფლება და საბოლოოდ – გვარიც კი.

რატომ მოუვიდა ეს ყველაფერი? იქნებ იმიტომ, რომ ნიკიტა ხრუშჩოვს და მის გარემოცვას ვასილისგან რაიმე სახის მხილების ეშინოდა? ეშინოდათ, რომ ის ბელადის გარდაცვალების შესახებ სიმართლეს იტყოდა? ეს შიში შესაძლოა, უსაფუძვლოც არ ყოფილიყო – ვასილი ხომ სწორედ ამით დაადანაშაულეს: ცილისწამებასა და რეჟიმის დისკრედიტაციაში.

ვასილი თავად ჰყვებოდა, რომ ის „მცველებმა აღზარდეს“. 11 წლის ასაკში დედა თვითმკვლელობით დაეღუპა, ხოლო მამას, იოსებ სტალინს, შვილებისთვის დრო არასდროს ჰქონდა – ის მუდმივად საქმიანობაში იყო ჩაფლული.

მიუხედავად გავრცელებული მოსაზრებისა, თითქოს სტალინი შვილს ანებივრებდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. შემონახულია წერილები, რომლებსაც სტალინი ვასილის სკოლაში აგზავნიდა, სადაც საკუთარ შვილს „ჭირვეულად“ და „მოურჯულებლად“ მოიხსენიებდა და ითხოვდა, რომ მას „უფრო მკაცრად მოქცეოდნენ“. მასწავლებლებსაც პირობას აძლევდა, რომ „ჭკუას თავად ასწავლიდა“.

მიუხედავად ამისა, ვასილი მაინც ჩამოყალიბდა შფოთიან, ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანად. მაგრამ ეს არ შეუშლია ხელს, რომ სამხედრო მფრინავი, გენერალ-ლეიტენანტი და მოსკოვის სამხედრო ოლქის საჰაერო ძალების მეთაური გამხდარიყო.

სტალინი ხშირად აკრიტიკებდა ვასილის ხასიათს და დამოკიდებულებას სმისადმი, მაგრამ ვასილი არ იცვლებოდა. მას ღიად ეშინოდა მამის სიკვდილის შემდეგ საკუთარი ბედის. ხშირად იმეორებდა:

„მე მანამ ვარსებობ, სანამ მამა ცოცხალია! მას რომ რამე დაემართოს, მე მაშინვე გამგლეჯენ…“

მასთან ერთად ისიც აცხადებდა, რომ ბელადის მოწამვლა იყო მოსალოდნელი და ამის შესახებ ხმამაღლა საუბრობდა. მაგრამ მისი განცხადებები ყველას მთვრალის ბოდვად მიაჩნდა.

1953 წლის 9 მარტს, სტალინის დაკრძალვაზე ვასილი ფხიზელი იყო და ბელადის გარემოცვას პირდაპირ განუცხადა:

„ეს თქვენ მოკალით ის!“

თუმცა ამის შემდეგაც, პარტიის ლიდერებმა ეს სიტყვები მწუხარების გამოხატვად შეაფასეს. ბევრად უფრო სახიფათო იყო ის, რომ ვასილიმ პირობა დადო – მამამისის სიკვდილის ნამდვილ მიზეზებზე სიმართლეს მთელ მსოფლიოს მოუყვებოდა.

რამდენიმე დღეში თავდაცვის მინისტრმა ბულგანინმა ვასილი თავის კაბინეტში დაიბარა და მოსკოვის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვა, სანაცვლოდ კი შორეული ოლქის საჰაერო ძალების ხელმძღვანელობის თანამდებობა შესთავაზა. ვასილი შეხვედრიდან გაბრაზებული გამოვიდა – მინისტრს შეურაცხყოფა მიაყენა და მუქარაც არ დააკლო.

26 მარტს ის სამსახურიდან დაითხოვეს – წოდებისა და პენსიის გარეშე. შემდეგ კი დააკავეს.

ვასილი იყო პირველი, ვინც ღიად განაცხადა, რომ იოსებ სტალინი მოწამლეს – ეს მან ჯერ კიდევ ბელადის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე თქვა.

თავისთავად, ეს შეიძლება მის არასტაბილურ ფსიქიკას დაბრალდეს, თუმცა სტალინის გარდაცვალების შესახებ ამ ვერსიას სამეცნიერო დასაყრდენიც აქვს. 1953 წლის 5 მარტს ჩატარებულ ექსპერტიზაზე, რომელიც ბელადის სხეულს ჩაუტარდა, პათოლოგ–ანატომმა არსენ რუსაკოვმა დაასკვნა, რომ სიკვდილის მიზეზი მოწამვლა იყო და შესაბამისი ანგარიში შეადგინა.

რუსაკოვს ექსპერტიზისას თან ახლდნენ სტალინის პირადი ექიმი და სამი მეცნიერიც. მიუხედავად ამისა, მათ თავი შეიკავეს ამ მოსაზრებაზე ხელმოწერისგან – ეს მათთვის შეიძლება საბედისწერო გამხდარიყო.

რამდენიმე ხნის შემდეგ, პროფესორი რუსაკოვი მოულოდნელად გარდაიცვალა. ეს, შესაძლოა, დამთხვევა იყო. ან... იქნებ არა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები