განსხვავება უბრალოდ ფერი არ არის - რა სხვაობაა თეთრ და ყავისფერ კვერცხს შორის

06-06-2025
გიორგი ზ.
Aa

ქათმის კვერცხი მრავალ კულტურაში ძირითად საკვებ პროდუქტს წარმოადგენს. მას გააჩნია როგორც მაღალი კვებითი ღირებულება, ასევე გამორჩეული გემოვნური თვისებები, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ნაჭუჭის ფერის სხვაობა შემთხვევითი არ არის.

რა არის ამის მიზეზი?

კვერცხის ფერზე პირდაპირ გავლენას ახდენს კვერცხისმდები ქათმის ჯიში. გარდა ამისა, ე.წ. ყავისფერი კვერცხებიც შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. ისინი შეიძლება იყვნენ ყავისფერი, კრემისფერი, მოლურჯო ან მოვარდისფრო შეფერილობის. როგორც წესი, ყავისფერი ბუმბულის მქონე ქათმები დებენ იმავე ფერის კვერცხებს, თუმცა ზოგიერთი ჯიშის ქათამს შეიძლება ასევე წითელი ფერის ბუმბული ჰქონდეს, რაც გავლენას ახდენს თავად კვერცხის ფერზე და ისინი მოყვითალო ხდება.

არის თუ არა სხვაობა გემოში?

ამ კვერცხების გემოვნურ თვისებებს შორის განსხვავება არ არის. ძირითადად, მხოლოდ ნაჭუჭის ფერი იცვლება. ასეთი კვერცხების კვებითი ღირებულებაც შედარებითია - ისინი თითქმის იგივე რაოდენობით შეიცავენ ომეგა-3-ს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ქათმისთვის მიწოდებული საკვები წინასწარ გამდიდრებული სხვა მინერალებით იყო.

რატომ არის ფასში სხვაობა?

მიუხედავად იგივე კვებითი ღირებულებისა, ფასში მაინც არსებობს სხვაობა. ყავისფერი კვერცხი უფრო ძვირად იყიდება, ვიდრე თეთრი. ეს იმის გამო ხდება, რომ ყავისფერი ჯიშის ქათამი უფრო ძვირი ღირს, ამიტომ მათი კვერცხის ღირებულებაც შესაბამისად მაღალია.

წონა და გემო

არსებობს მოსაზრება, რომ კვერცხის ზომა პირდაპირ გავლენას ახდენს მის ხარისხსა და სარგებელზე, თუმცა რეალურად ეს ასე არ არის. არსებობს სხვადასხვა კატეგორიის კვერცხი. პირველ და შერჩევით კატეგორიას (მარკერებით "1" ან "0") განეკუთვნება კვერცხი, რომლის წონაც 55-65 გრამიდან 65-75 გრამამდე მერყეობს. ასეთ კვერცხში ნაკლები საკვები ნივთიერებები და მეტი წყალია. მათ, როგორც წესი, შუახნის ქათმები დებენ. მეორე (მარკერი "2") და მესამე (მარკერი "3") კატეგორია აღნიშნავს კვერცხს, რომლის წონაც 45-55 და 35-45 გრამს შეადგენს. ამ კვერცხებს ახალგაზრდა ქათმები დებენ და ისინი ყველაზე მეტ საკვებ ნივთიერებებს შეიცავენ, შესაბამისად, გემოვნური თვისებებითაც გამოირჩევიან. საშუალო ქათმის კვერცხი, განურჩევლად ჯიშისა, დაახლოებით 72-78 კილოკალორიას შეიცავს.

სხვა ფრინველის კვერცხი

ქათმის კვერცხის პარალელურად მთელს მსოფლიოში სხვადასხვა სახეობის ფრინველის ათამდე კვერცხს მიირთმევენ, თუმცა მათგან ყველაზე გავრცელებული მაინც ქათმის და მწყერის კვერცხია. ქათმები არ არიან მომთხოვნი გარემო პირობების მიმართ და კვერცხსაც ხშირად დებენ, ხოლო ბატები და იხვები მათთან შედარებით რამდენჯერმე უფრო მგრძნობიარენი არიან სალმონელოზის მიმართ და კვერცხსაც ათჯერ უფრო ნაკლებად დებენ. მწყერები ძლიერი იმუნიტეტით გამოირჩევიან, ამიტომ მათი კვერცხიც ყველაზე სასარგებლოდ ითვლება. გარდა ამისა, მწყერის კვერცხში გაცილებით მეტი B ვიტამინი და მიკროელემენტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ფრინველის კვერცხში.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები