არავითარ შემთხვევაში პური არ უნდა იყოს ჩაფხვნილი საკვებში - პედიატრის გაფრთხილება
პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს დამატებითი კვების დაწყებისას რამდენიმე მნიშვნელოვან რეკომენდაციას აძლევს. მისი თქმით, კვების ახალ ეტაპზე გადასვლისას უმჯობესია ჩვილს ქარხნული წესით დამზადებული ფაფებით დავიწყოთ კვება, რადგან ასეთ პროდუქტებში არსებული ინგრედიენტები ბავშვის ფიზიკურ და ფსიქომოტორულ განვითარებაზეა მორგებული.
ექიმი ხაზს უსვამს ფაფების კონსისტენციასაც. ბავშვს უნდა მიეცეს საშუალება, რომ ფაფა პირით შეატრიალოს და ღეჭვის მცდელობა განუვითარდეს – ეს უნარი ჯერ 4 თვის ასაკიდან ვითარდება, ხოლო სრულფასოვანი ღეჭვითი მოძრაობები 12 თვიდან იწყება. სწორედ ამ ეტაპზე ხდება ბავშვის პირის კუნთებისა და არტიკულაციის სწორად ჩამოყალიბება.
მამუჩიშვილი განსაკუთრებით აკრიტიკებს პრაქტიკას, როდესაც მშობლები წლების განმავლობაში ბავშვს მხოლოდ ბოთლითა და დაბლენდერებული საკვებით კვებავენ: "ასეთი მიდგომა ბავშვის კვებით ქცევაზე უარყოფითად აისახება და ხშირად მშობელთა კომფორტზეა გათვლილი. მიზანი არ უნდა იყოს მხოლოდ დანაყრება, არამედ – ბავშვის სწორი განვითარება."
დამატებითი კვება, მისი თქმით, პირველ რიგში ბურღულის ფაფებით უნდა დავიწყოთ, თანაც აუცილებლად პედიატრის მითითებით – იმის გათვალისწინებით, თუ რომელი ასაკიდან რა პროდუქტის დამატება შეიძლება.
7 თვის ასაკიდან ჩვილს უკვე შეიძლება მივცეთ ხორცი, თუმცა ხორცის ბულიონი იკრძალება – ბავშვის ორგანიზმი ჯერ ვერ ახერხებს მის დამუშავებას. უმჯობესია გამოიყენოთ ქათმის ან ხბოს ხორცი. თევზის დამატება ბავშვის რაციონში 8 თვის ასაკიდან არის რეკომენდებული, ხოლო კვერცხი – 8-9 თვის ასაკიდან. პედიატრი მწყერის კვერცხს ჰიპოალერგიული თვისებების გამო ანიჭებს უპირატესობას.
ძროხის რძე, რომელიც შედარებით რთული მოსანელებელია ჩვილისთვის, მხოლოდ ერთი წლის შემდეგ უნდა ჩაერთოს კვებაში. პური ბავშვს 8 თვის ასაკიდან შეიძლება მივცეთ, თუმცა, როგორც ექიმი აღნიშნავს, არავითარ შემთხვევაში ჩაფხვნილი. მისი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი ღეჭვას მიეჩვიოს და არა უბრალოდ დანაყრდეს.
"მშობლებმა უნდა გავიაზროთ, რომ კვება არ არის მხოლოდ შიმშილის მოთავება – ის ბავშვის მომავალ ჯანმრთელ განვითარებაზე ზეგავლენას ახდენს", – აღნიშნავს პედიატრი.