ასტეროიდები "ვენერას ჩრდილიდან" - შესაძლოა დედამიწაზე აპოკალიფსის მიზეზი გახდეს?
სამი მასიური ასტეროიდი, რომლებიც ვენერას ორბიტის მახლობლად მიმოიქცევიან და მანამდე მზის კაშკაშა ნათების გამო დაუდგენელი იყვნენ, შესაძლოა მომავალში დედამიწისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდნენ. ეს განცხადება ბრაზილიელმა, ფრანგმა და იტალიელმა ასტრონომებმა ერთობლივი კვლევის საფუძველზე გააკეთეს.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ასტეროიდების ზომები 100-დან 400 მეტრამდე მერყეობს, ხოლო მათი ენერგეტიკული პოტენციალი მილიონჯერ აღემატება ჰიროსიმაში ჩამოგდებულ ატომურ ბომბს.
ვენერას "ჩრდილში" დამალული საფრთხე
ახალი კვლევა, რომელიც ჟურნალ Astronomy and Astrophysics-ში გამოქვეყნდა, ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ასტეროიდები 2020 SB, 524522 და 2020 CL1 დიდი ხნის განმავლობაში მზის ნათების გამო დაკვირვების არეალში არ ხვდებოდნენ. მათი ორბიტა ვენერას ორბიტასთან თანხვედრილია, თუმცა ახლა ისინი სულ უფრო უახლოვდებიან დედამიწის ორბიტულ გზას.
პოტენციური ზიანი - კრატერები, ხანძრები და ცუნამები
ასტეროიდების ზომები საკმარისია იმისთვის, რომ, შეჯახების შემთხვევაში, დედამიწაზე სერიოზული კატაკლიზმები გამოიწვიონ. ექსპერტთა შეფასებით, ასეთი შეჯახება 3-კილომეტრიან კრატერს და ცეცხლის მასობრივ გავრცელებას გამოიწვევს, რასაც თან მოჰყვება მძლავრი ცუნამები და გლობალური დისბალანსი.
არასტაბილური ორბიტები - მზარდი რისკი
მიუხედავად იმისა, რომ ეს ასტეროიდები ვენერას გარშემო მოძრაობენ, მათი ორბიტები არ არის სტაბილური. როგორც მკვლევრები განმარტავენ, გრავიტაციულმა ძალებმა — თუნდაც მცირე ზემოქმედებამ სხვა პლანეტებიდან ან ციური სხეულებიდან — შესაძლოა მათი მიმართულება შეცვალოს და დედამიწისკენ მიმართოს.
მთავარი საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ მათი მინიმალური ორბიტული გადაკვეთილი მანძილი (MOID) 0.0005 ასტრონომიულ ერთეულზე ნაკლებია. ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ისინი შეიძლება უფრო ახლოს აღმოჩნდნენ დედამიწასთან, ვიდრე მთვარე.
"ის ფაქტი, რომ მათი ორბიტები ვენერას მისდევს, არ გამორიცხავს შეჯახების შანსს. მათ სრულებით შეუძლიათ გზის შეცვლა და დედამიწისკენ მოხვედრა", - აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი, ვალერიო კარუბა, სან-პაულოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.
გაფრთხილება და მოქმედების აუცილებლობა
ამ დროისთვის მეცნიერებს ცნობილია დაახლოებით 20 ვენერასთან თანმდევი ასტეროიდის შესახებ, თუმცა ვარაუდობენ, რომ მათი რიცხვი ბევრად მეტია — უბრალოდ ისინი მზის სინათლეში იმალებიან და მათ გამოკვლევა დედამიწიდან შეუძლებელია.
მომავალში, ჩილეში მოქმედი Rubin Observatory სპეციალური ტელესკოპებით აპირებს ამ სივრცის უკეთ შესწავლას. თუმცა მეცნიერების შეფასებით, ვენერას უკან მოძრავი ასტეროიდის აღმოჩენიდან შეჯახებამდე შესაძლოა მხოლოდ 2–4 კვირა გვქონდეს რეაგირებისათვის. სწორედ ამიტომ, ისინი სპეციალური კოსმოსური ზონდის გაშვების აუცილებლობაზე საუბრობენ, რომელიც მზის იმ მხარეს დააკვირდება, სადაც დედამიწიდან ხილვადობა დაბალია.
"სანამ გვიანი არ არის, საჭიროა დროული აღმოჩენა და პრევენცია — ეს ასტეროიდები სერიოზული საფრთხეა, რომელსაც თვალი არ უნდა დავხუჭოთ", - წერენ მკვლევრები დასკვნაში.