როგორ დაიკლო სოფო აბაიშვილმა 120 კილოგრამი? - დაუჯერებელი ისტორია

24-05-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

სოფო აბაიშვილმა 120 კილოგრამი დაიკლო და წონას უკვე 4 წელია წარმატებით ინარჩუნებს

სოფო აბაიშვილი ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანია, ვინც საკუთარ გამოცდილებას სოციალურ ქსელში გულწრფელად აზიარებს და ბევრ ადამიანს მოტივაციას აძლევს. იგი განსაკუთრებით პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც გაამხილა, რომ წლების განმავლობაში დაკლება–მომატების რთული წრის მიუხედავად, საბოლოოდ 120 კილოგრამი დაიკლო და ახლა უკვე წონას წარმატებით ინარჩუნებს.

დღეს სოფო 31 წლისაა და 65 კილოგრამს იწონის. როგორც თავად აღნიშნავს, წონის კლება მისი ცხოვრების ყველაზე დიდი მიღწევაა:

"წონის პრობლემა 13 წლის ასაკიდან დამეწყო. არც ჰორმონალური დარღვევა მქონია და არც ჯანმრთელობის სხვა პრობლემა. უბრალოდ, ჭამა მიყვარდა და ბევრი არასასარგებლო პროდუქტით ვიკვებებოდი. ამის გამო 13 წლის ასაკში 80 კილო ვიყავი, 24 წლის ასაკში კი 185 კილომდე ავედი.

24 წლის ასაკში ენდოკრინოლოგთან მივედი, ჩავიტარე გამოკვლევები და ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ მქონია. დავიწყე სწორი კვება. ენდოკრინოლოგი ძალიან მეხმარებოდა, ყოველდღიურად ვეკონტაქტებოდი. 10 თვის განმავლობაში სწორი კვებით 75 კილო დავიკელი. წელიწად-ნახევარი შევინარჩუნე ეს წონა. მერე რესტორანში ვმუშაობდი, კვების რეჟიმი ამერია, ნერვებმაც მიმტყუნა და 60 კილოზე მეტი ისევ მოვიმატე. რაც დავიკელი, თითქმის ავინაზღაურე. თავს ვეღარ ვაკონტროლებდი. ჩემმა დამ და სიძემ მირჩიეს, რომ ბარიატრიული ქირურგიისთვის მიმემართა. კუჭის ოპერაცია გავიკეთე, მაგრამ ამ ოპერაციის გაკეთება ავტომატურად კლებას არ ნიშნავს. მოვიკრიბე ძალები და 2 წელი სწორ კვებაზე ვიყავი. 120 კილო დავიკელი. უკვე 4 წელი გავიდა და წონას დღემდე ვინარჩუნებ.

არის დღეები, როდესაც ვარღვევ და საკუთარ თავს განტვირთვის შესაძლებლობას ვაძლევ, მაგრამ მაინც სულ ფორმაში ვარ", - ამბობს სოფო აბაიშვილი.

მისი მაგალითი ნათლად აჩვენებს, რომ ნებისყოფის, სწორი მიდგომისა და მხარდაჭერის პირობებში, მძიმე ბრძოლაში საკუთარი თავის წინააღმდეგაც კი გამარჯვება რეალურია.



FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები