ლეიკემიას და კიბოს უწყობს ხელს? - რატომ არ უნდა დავლიოთ ენერგეტიკული სასმელი

22-05-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

ტაურინი, ამინომჟავა, რომელიც ჩვენს სხეულში ბუნებრივად გამომუშავდება და გვხვდება როგორც ხორცეულში, ასევე ენერგეტიკულ სასმელებში, შესაძლოა დადებით თვისებებთან ერთად, კონკრეტული ტიპის კიბოს, მათ შორის ლეიკემიის ზრდასაც უწყობდეს ხელს - ასეთია როჩესტერის უნივერსიტეტის მედიკოსების ახალი აღმოჩენა.

მეცნიერებმა შეისწავლეს ლეიკემიური უჯრედების ქცევა და აღმოაჩინეს, რომ ისინი ითვისებენ ტაურინს ძვლის ტვინის მიმდებარე გარემოდან, რაც მათ სწრაფ განვითარებაში ეხმარება. მარტივად რომ ვთქვათ, ამინომჟავა კიბოს უჯრედებისთვის ენერგიის წყაროდ იქცევა - მსგავსად იმისა, როგორც ენერგეტიკული სასმელები ადამიანს დროებით სიმხნევეს ანიჭებს.

ექსპერიმენტებისას, როცა მეცნიერებმა თაგვებს ტაურინის მიწოდება შეუწყვიტეს და მათ ორგანიზმში ლეიკემიის უჯრედები გადანერგეს, სიმსივნური ზრდა შესამჩნევად შენელდა. ეს მიანიშნებს, რომ ტაურინის ბლოკირება შესაძლოა გახდეს ერთ-ერთი ახალი სტრატეგია გარკვეული ონკოლოგიური დაავადებების თერაპიაში.

კვლევა ხაზს უსვამს იმ საფრთხეს, რაც შესაძლოა ენერგეტიკულ სასმელებში დამატებული ტაურინის ზედმეტი რაოდენობით მიღებას ახლდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ გარკვეული მტკიცებულება არ არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს ეს პროცესი ადამიანის ორგანიზმში, მეცნიერები უკვე ფიქრობენ, რომ სიფრთხილეა საჭირო.

"ეს არ ნიშნავს, რომ ტაურინი თავისთავად საზიანოა — პირიქით, წარსულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ის შესაძლოა დადებითად იმოქმედოს იმუნურ სისტემაზე და ზოგიერთ შემთხვევაში, კუჭის კიბოს წინააღმდეგაც კი იყოს სასარგებლო", - აცხადებენ მკვლევრები. თუმცა, როგორც ჩანს, მისი მოქმედება კონტექსტზეა დამოკიდებული - სხვადასხვა ტიპის კიბო მას განსხვავებულად რეაგირებს.

ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კიბოს მეტაბოლიზმის კვლევის მნიშვნელობას. გენეტიკური მუტაციები კიბოს ზრდის მხოლოდ ერთი კომპონენტია, თუმცა ახლა ნათელი ხდება, რომ სიმსივნური უჯრედების ენერგეტიკული მარაგის შემცირებაც შეიძლება მკურნალობის ეფექტიან გზად გადაიქცეს.

განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ლეიკემიასა და მიელოიდურ სიმსივნეებს, რომლებიც სისხლის ფორმირების პროცესს ანგრევენ და სწრაფად პროგრესირებენ. სწორედ ასეთ შემთხვევაში, როდესაც მკურნალობა რთულია, ნებისმიერი დამატებითი მიდგომა, რომელიც კიბოს უჯრედების გაჩერებას შეუწყობს ხელს, შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

კვლევის სრული ანგარიში გამოქვეყნებულია სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში.



FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები