დედამიწის ქერქში დამალული ენერგიის წყარო, რომელსაც შეუძლია დედამიწა 170 000 წელი უზრუნველყოს
ახალი სამეცნიერო კვლევის მიხედვით, დედამიწის ქერქში შესაძლოა არსებობდეს ბუნებრივი წყალბადის უზარმაზარი რეზერვები, რომლებიც პლანეტის ენერგეტიკულ მოთხოვნილებებს მომდევნო 170,000 წლის განმავლობაში დააკმაყოფილებს. ეს წყალბადი, მეცნიერთა თქმით, წარმოიქმნა ღრმა გეოქიმიური პროცესების შედეგად და შესაძლოა დღემდე შენახული იყოს ქერქის ქვედა ფენებში.
კვლევაში სპეციალურად შემუშავდა მეთოდოლოგია, რომელიც განსაზღვრავს, სად შეიძლება იყოს წყალბადის პოტენციური წყაროები და სად იქნება მისი მოპოვება ეკონომიკურად მიზანშეწონილი. ყურადღება გამახვილებულია ისეთ გეოლოგიურ სტრუქტურებზე, რომლებიც ხელს უშლის გაზის ატმოსფეროში გაჟონვას.
ბუნებრივი წყალბადი წარმოიქმნება, როცა რკინით მდიდარი ქანები წყალს ეხება. ამ პროცესს სერპენტინიზაცია ეწოდება. შედეგად წარმოქმნილი წყალბადი ხშირად გროვდება ფოროვან ქანებში და ინახება წყალგაუმტარ ფენებში.
კვლევის მიხედვით, მსგავსი პირობები შეინიშნება მსოფლიოს არაერთ რეგიონში, აშშ-ის დაახლოებით 30 შტატში, ავსტრალიაში, ბრაზილიაში, საფრანგეთში, რუსეთსა და აფრიკის ნაწილებში. მაგალითად, კანზასში მდებარე უძველესი გეოლოგიური სტრუქტურა – Midcontinent Rift ერთ-ერთ პერსპექტიულ ადგილად ითვლება.
ბუნებრივი წყალბადის გამოყენება შესაძლებელია ენერგიის წარმოებისთვის, საწვავად ტრანსპორტში, ან ქიმიური წარმოებისთვის. ამჟამად წყალბადის დიდი ნაწილი მავნე თერმული მეთოდებით წარმოიქმნება, რაც გლობალური CO₂ ემისიების დაახლოებით 2.4%-ს შეადგენს. ბუნებრივი წყალბადის მოპოვება კი შეიძლება ამ შემცირებაში გადამწყვეტი ფაქტორი გახდეს.
თუმცა, წინ ბევრი გამოწვევაა, რთულია მისი აღმოჩენა, საჭიროებს დიდ ტექნოლოგიურ ინვესტიციებს და შესაბამის ინფრასტრუქტურას. მიუხედავად ამისა, ამ რესურსის აღმოჩენა სუფთა ენერგიაზე გადასვლისთვის დიდი ნაბიჯი შეიძლება აღმოჩნდეს.