დედამიწაზე ჟანგბადი შემცირდება და სიცოცხლე შეუძლებელი იქნება - როდის მოხდება ეს

18-05-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

დაახლოებით ერთ მილიარდ წელიწადში, დედამიწის ატმოსფეროში ჟანგბადის დონე მკვეთრად შემცირდება და პლანეტა სიცოცხლისთვის შეუფერებელი გახდება. ასეთია მეცნიერების ახალი კომპიუტერული მოდელის შედეგი, რომელიც ატმოსფერული ევოლუციის პროგნოზირებისთვის შეიმუშავეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC Sky at Night ავრცელებს.

კვლევა, რომელიც Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა, მიუთითებს, რომ ჟანგბადის გაქრობა შესაძლოა გახდეს დედამიწაზე სიცოცხლის მასობრივი გაქრობის მთავარი მიზეზი. ავტორები – კაზუმი ოზაკი ტოჰოს უნივერსიტეტიდან და კრისტოფერ რეინჰარდი ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან ფიქრობენ, რომ დედამიწის ბიოსფეროს მომავალი მჭიდროდ არის დაკავშირებული მზის განათების ზრდასა და გეოქიმიურ ცვლასთან.

ოზაკის თქმით, დროთა განმავლობაში მზის გამოსხივება იზრდება, ხოლო ნახშირორჟანგის დონე, რომელიც ფოტოსინთეზისთვის აუცილებელია, თანდათან იკლებს. ეს პროცესები გლობალურ დათბობას იწვევს და ატმოსფერული ბალანსის რღვევას უწყობს ხელს.

მკვლევართა პროგნოზით, დაახლოებით ორ მილიარდ წელიწადში ბიოსფერო სრულად გაქრება – ამის მიზეზი იქნება ნახშირორჟანგის დეფიციტი და მზის გადახურებული სხივების ზემოქმედება. ეს კი თავის მხრივ გამოიწვევს ჟანგბადის დონის მკვეთრ კლებას.

მოდელირება აჩვენებს, რომ ჟანგბადის შემცირების პროცესი სწრაფად წარიმართება და ატმოსფერო დაბრუნდება იმ მდგომარეობაში, როგორშიც ის 2.5 მილიარდი წლის წინ იმყოფებოდა – ოზონის შრის გარეშე, დაბალი CO₂-ის შემცველობით და ჭარბი მეთანით. შედეგად, დედამიწაზე მხოლოდ ისეთი მიკროორგანიზმები გადარჩებიან, რომლებსაც ჟანგბადი არ სჭირდებათ.

აღსანიშნავია, რომ ამ კვლევას მნიშვნელობა აქვს ასტრონომიის თვალსაზრისითაც. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები ჟანგბადს ხშირად სიცოცხლის მთავარი ინდიკატორად მიიჩნევენ ეგზოპლანეტების შესწავლისას, ავტორები აღნიშნავენ, რომ ჟანგბადით მდიდარი ატმოსფერო შესაძლოა დროებითი ფენომენი იყოს პლანეტის ევოლუციის განმავლობაში.

კვლევის დასკვნის თანახმად, დედამიწას ჟანგბადით მდიდარი ატმოსფერო მთელი მისი ისტორიის მხოლოდ 20-30%–ის განმავლობაში ჰქონდა და ექნება. დანარჩენი პერიოდი, პლანეტის გარშემო არსებულ ჰაერში ჟანგბადის შემცველობა ან ძალიან დაბალი იყო, ან საერთოდ არ არსებობდა – ზუსტად ისე, როგორც ეს მომავალში იქნება მოსალოდნელი.




FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები