"მგზავრი, ფაქტობრივად, არ არის, 3-4 ადამიანით ავტობუსით წამოხვალთ?" - რას აპროტესტებენ მძღოლები
ქვეყნის მასშტაბით ავტოსადგურები ინტენსიურად ემზადებიან ტრანსპორტის შესახებ ახალი რეგულაციის ძალაში შესასვლელად, რომელიც 1-ლი ივნისიდან ამოქმედდება. კანონით გათვალისწინებული ცვლილებების მიხედვით, იმავდროულად 150 კილომეტრზე მეტ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მხოლოდ M3 კატეგორიის ავტობუსებით იქნება ნებადართული.
რეფორმის პირველ ეტაპზე ცვლილება შეეხება მხოლოდ რამდენიმე დიდ ქალაქს: თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, ზუგდიდსა და თელავს. ავტოსადგურებში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურისა და სერვისების მომზადება ახალი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
მძღოლების ნაწილი მიიჩნევს, რომ რეფორმის ამოქმედება შესაძლოა ნაადრევი იყოს და მისი გადავადება მიზანშეწონილი იქნებოდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ზოგ რეგიონში შესაბამისი ავტოტრანსპორტის რაოდენობა საკმარისი არ არის.
"მე მინდა, რომ გადავადდეს, მაგრამ არ ვიცი, რას იზამენ. მგზავრი ფაქტობრივად, არ არის, ყოველდღე. 3-4 ადამიანით ავტობუსით წამოხვალ? ვერ წამოხვალ უკვე და იძულებული იქნები გაჩერდე, არ იმუშაო. თუ გადავადდება, კარგი იქნება", - ამბობენ თბილისის ავტოსადგურებზე სამარშრუტო ტაქსების მძღოლები "პალიტრავიდეოსთან" ინტერვიუში.
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ M3 კატეგორიის ავტობუსების რაოდენობაზე სრულყოფილი სტატისტიკა ჯერ არ აქვთ, თუმცა, უწყება განიხილავს ყველა შესაძლო სცენარსა და ალტერნატიულ ნაბიჯს იმისთვის, რომ რეფორმა რაც შეიძლება ეფექტურად განხორციელდეს. არ არის გამორიცხული, რომ ახალი რეგულაციის ძალაში შესვლის ვადაც გადაიხედოს.