"რატის ბარში" 18 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულს, 19 წლის ასაკში სასტიკი მკვლელობა აქვს ჩადენილი
18 წლის ბიჭის, ალეკო შაკიაშვილის სასტიკი მკვლელობის დეტალებს ახლა სამართალდამცავები იძიებენ. დანაშაული "რატის ბარში" ორი დღის წინ მოხდა. ძალოვნებმა დანაშაული ოპერატიულად გახსნეს და ცნობილია, რომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია, 1989 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევი ივანე გიგლემიანი. სწორედ გიგლემიანმა მიაყენა დანით სასიკვდილო ჭრილობები ახალგაზრდა ბიჭს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
როგორც ცნობილი ხდება, მკვლელობაში ბრალდებული გიგლემიანისთვის ასეთი უმძიმესი დანაშაულის ჩადენა უცხო არ არის. 19 წლის ასაკში ჩაიდინა მან სასტიკი მკვლელობა, მაშინაც სრულიად უდანაშაულო, 18 წლის ბიჭი ქუჩაში ხალხის თვალწინ ავტომატით ჩაცხრილა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.ამ უმძიმეს დანაშაულამდე თურმე მას ადამიანი ჰყავდა დაჭრილი და პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო.
პირობითი მსჯავრიც მიემატა ახალ სასჯელს, დაემატა იარაღის უკანონო ტარება შენახვა და შეკრებითობის პრინციპით 26 წელი მიესაჯა, მაგრამ რატომღაც ასეთი მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდადებულმა გიგლემიანმა ციხიდან გამოსვლა მალე შეძლო.