როგორ შევარჩიოთ ყველაზე გემრიელი და მწიფე მარწყვი?
მარწყვის სეზონი უკვე ძალაშია და ბაზარზე სულ უფრო მეტი ადგილობრივი კენკრა ჩნდება. ქართული მარწყვი ხშირად გემოთი სჯობნის იმპორტირებულს – მთავარი მიზეზი ისაა, რომ ადგილობრივად მომწიფებულ მარწყვს სრულად მწიფე მდგომარეობაში კრეფენ, მაშინ როცა საზღვარგარეთიდან შემოტანილი კენკრა, ტრანსპორტირების გასაიოლებლად, უმწიფარ მდგომარეობაში იკრიფება, რაც საბოლოოდ გემოზე უარყოფითად აისახება.
გემრიელი და მწიფე მარწყვის ამოსაცნობად რამდენიმე დეტალს უნდა მივაქციოთ ყურადღება. ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი კენკრის "კუდია" - თუ ფოთლები მჭიდროდ და მკვეთრად მწვანედ არის დაკრული, ეს ნიშნავს, რომ მარწყვი ახლახან იქნა მოკრეფილი. დაჭკნობილი ან გამომშრალი ფოთლები კი მიგვანიშნებს, რომ კენკრა ძველია.
ასევე მნიშვნელოვანია მარწყვის ვიზუალური მხარე, კენკრა უნდა იყოს სუფთა, გლუვი ზედაპირითა და უვნებელი კანის მქონე. უმჯობესია, არ შეიძინოთ მარწყვი, რომელიც სველია, გაჭუჭყიანებული, დაზიანებული ან ობის ნიშნებით. მწიფე მარწყვი, როგორც წესი, ერთიანი, ღრმა წითელი ფერისაა. თუ კენკრაზე შესამჩნევია თეთრი ან მომწვანო ნაწილები, განსაკუთრებით ძირის ან წვერისკენ ეს ნიშნავს, რომ მარწყვი ჯერ კიდევ მოუმწიფებელია და შესაძლოა, მჟავე აღმოჩნდეს.
კიდევ ერთი დეტალი, რაც შერჩევისას გასათვალისწინებელია, არის კენკრის ფორმა და ზომა – სანდო დახლზე ყველა მარწყვი, როგორც წესი, თანაბარია. ეს მიუთითებს, რომ პროდუქტი ერთგვაროვანია და მყიდველამდე გზაზე არ გადარჩევიათ მრავალჯერ.