ქალმა ქმარს ბარგი ჩაალაგებინა და სახლიდან გააგდო - რა იმკითხავა ChatGPT-იმ?
საბერძნეთში უცნაური შემთხვევა მოხდა. ქალი ქმართან დაშორების გადაწყვეტილებას მას შემდეგ იღებს, რაც ხელოვნურმა ინტელექტმა, ChatGPT-მა, ყავის ნალექის ინტერპრეტაციისას მისი მეუღლე სავარაუდო ღალატში ამხილა.
სიტუაცია იმით დაიწყო, რომ ქალს სურდა, საკუთარი ოჯახის მომავალი გაეგო. მან ტრადიციული წესით მოამზადა ყავა, გადაუღო ნალექის ფოტოები და ChatGPT-ს სთხოვა, ამ სურათების მიხედვით ეწინასწარმეტყველებინა. AI-მ ვარაუდი გამოთქვა, რომ ქალი მომავლში მეუღლის მხრიდან ღალატს გადააწყდებოდა, თანაც უფრო ახალგაზრდა ქალთან. როგორც ითქვა, ნალექში შესაძლო საყვარლის ინიციალებიც კი ჩანდა.
ამ "გაფრთხილების" შემდეგ, ქალმა ქმარს ბარგი ჩაალაგებინა და სახლიდან გააგდო. სამი დღის შემდეგ კი უკვე ოფიციალურადაც შეიტანა განქორწინების მოთხოვნა.
"თავიდან მეგონა, ხუმრობდა… მაგრამ როცა ადვოკატის ზარი მივიღე, მაშინ გავაცნობიერე, რომ ყველაფერი სერიოზულად მიიღო", - აცხადებს ქმარი, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ სავარაუდო "ღალატით" არის დადანაშაულებული.
წყვილი ერთად 12 წელი ცხოვრობდა.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხელოვნური ინტელექტი ურთიერთობის დასრულების მიზეზი ხდება. წარსულში აშშ-ში ერთმა ქალმა 20-წლიანი ქორწინება მიატოვა და განაცხადა, რომ ChatGPT-სთან საუბარში პირველად იგრძნო, რას ნიშნავს ნამდვილი სიყვარული და გაგება.