"უტყუარი და არაერთხელ ნაცადი რეცეპტია, გამოდის გემრიელზე გემრიელი და არომატული" - ყვითელი ტყემლის რეცეპტი
ინგრედიენტები
ყვითელი ტყემალი - 7 კგ
ომბალო
ქინძი
კამა
ცერეცო
ქინძისა და კამის აყვავებული კონები
ნიორი - 4 თავი
შაქარი
მარილი - 2.5 სკ
წითელი წიწაკა, დაღერღილი
მწვანე წიწაკა, ცხარე - 1.5
მომზადების წესი
ყვითელი ტყემალი, ბევრი მწვანილით შეზავებული მომწონს, ამიტომ მოზრდილი კონები გამოვიყენე. თქვენ თქვენი სურვილით დაამატეთ მწვანილის რაოდენობა. მომზადება დავიწყე და ტყემალი, ქინძის და კამის აყვავებულ, უხეშ ღეროებთან ერთად მოვათავსე ქვაბში, დავასხი დაახლოებით 300 მლ. წყალი და გავთუთქე. არ ხარშოთ, ნაყოფს კანი რომ გადაუსკდება მზადაა. გაგრილებული ტყემალი, გავხეხე წვრილ ბადეზე (უხეში ღეროებიც დაიხმარეთ). შევაზავე გატარებული მწვანილით, ნივრით, წიწაკით, შაქრით და მარილით. თუ მასა სქელი გეჩვენებათ, შეგიძლიათ გაათხელოთ ნახარში წყლით. (ან ადუღებულ-გაგრილებული წყლით) შეკმაზული ტყემალი, კვლავ დავდგი მოსახარშად. ადუღებიდან გავაჩერე დაახლოებით 30-40 წთ. როგორ გავიგოთ, მზად არის თუ არა ქილებში გადასატანად, ცოტა დავასხათ თეფშზე, ოდნავ შევაგრილოთ და შუაში კოვზი გავატაროთ, თუ ზოლი არ შეერთდა და გარშემო არც სითხე მოიყენა, ე.ი. მზადაა. ცხელ-ცხელი ჩავასხი გასტერილებულ ქილებში. გავაგრილე ამობრუნებულ მდგომარეობაში.