მზემ შესაძლოა, დედამიწა შთანთქოს - რაზე გვაფრთხილებს ილონ მასკი

SpaceX-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი თავისი გეგმით კვლავ ყურადღების ცენტრშია. მას უნდა, რომ მარსზე კოლონიზაცია მოახდინოს. fox News-ის წამყვანთან, ჯესი უოტერსთან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მარსზე ცხოვრება შესაძლოა კაცობრიობისთვის ერთგვარი დაზღვევა იყოს.
"მარსი არის სიცოცხლის სარეზერვო გეგმა", - თქვა მასკმა და ხაზი გაუსვა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში დედამიწაზე სიცოცხლე მზისგან მოსალოდნელი ცვლილებების გამო საფრთხის ქვეშ დადგება. მეცნიერების თქმით, მზე დროთა განმავლობაში წითელ გიგანტად გარდაიქმნება და შესაძლოა, ჩვენი პლანეტაც შთანთქოს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი რამდენიმე მილიარდ წელიწადში მოხდება, მასკს სურს, რომ კაცობრიობა უკვე ახლავე დაიწყოს მომზადება. მისი ხედვა მარსზე უბრალოდ დროშის დადგმით არ სრულდება, ის აპირებს იქ დამოუკიდებელი, თვითმმართველი ცივილიზაცია შექმნას.
მისი თქმით, მარსზე კოლონია ისეთ დონეზე უნდა იყოს განვითარებული, რომ საჭიროების შემთხვევაში დედამიწიდან ყოველგვარი დახმარების გარეშე შეძლოს არსებობა, იქნება ეს გლობალური კატასტროფის, ომის ან სხვა საფრთხის გამო.
მასკმა მარსზე ადამიანების გაგზავნის იდეა ჯერ კიდევ 2011 წელს წამოაყენა. 2024 წელს ის საუბრობდა პილოტირებულ მისიაზე, თუმცა ახლა აცხადებს, რომ გეგმავს 2026 წლის ბოლოს Starship-ის გაშვებას, რომელშიც კომპანია Tesla-ს მიერ შექმნილი Optimus რობოტი იქნება. თუ მისი მიზანი განხორციელდა, მისი შეფასებით, ადამიანები მარსზე უკვე 2029-2031 წლებში მიაღწევენ.
