„ახალს არაფერს არ ვიწყებთ 3 ნოემბრამდე...“- რას წერს 17 ოქტომბრის სავსემთვარეობაზე ხათუნა ნოელი
2024 წლის 17 ოქტომბერს სავსემთვარეობაა - როგორ გავატაროთ ეს დღე და რა სირთულეებთან არის დაკავშირებით აღნიშნული ასტროლოგიური თარიღი? ამ საკითხებზე ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში საზოგადოებას რეკომენდაციებს უზიარებს.
„სავსემთვარეობა და სუპერ მთვარე ვერძის 25 გრადუსზე. ზუსტი ფაზა 15:26-ზე.მთვარე საკმაოდ დიდი და მკაფიო იქნება. ეს ამ წლის ბოლო სუპერმთვარეა.
შეამოწმეთ თქვენი რუკები, და თუ ვერძის, ან სასწორის ზოდიაქოების 25-ე გრადუსზე (+ - 1 გრადუსის ფარგლებში) რომელიმე პლანეტას, ან სახლის კუსპიდს აღმოაჩენთ, ესე იგი, ეს 2-3 დღე თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება პირადი ურთიერთობების, პარტნიორობის, საკუთარი როლის ამ ურთიერთობაში დანახვის თვალსაზრისით.
ითვლება, რომ სავსემთვარეობას რთული ენერგეტიკა ახლავს. სავსე მთვარის დღეებში მწვავდება ჩვენი ემოციური ფონი, მით უმეტეს როდესაც მთვარეს დაძაბული ასპექტები აქვს მარსთან და პლუტონთან.
ადამიანები უფრო გაღიზიანებულები და კონფლიქტურები ხდებიან. ეცადეთ, მოუსმინოთ მეორე მხარეს მოთმინებით, გაითვალისწინეთ მისი პოზიცია.
მატულობს უძილობაც, ხასიათის მოულოდნელი, უმიზეზო ცვლილებები, შინაგანი აფორიაქებულობა, უაზრო აღტყინებიდან ასეთივე უსაფუძვლო დეპრესიულ განწყობამდე მერყეობს.
ორგანიზმი სუსტდება და იმუნური სისტემა ვერ მუშაობს სათანადოდ. არაა რეკომენდებული ქირურგიული ჩარევებიც. წნევიანებმა, თირკმელებისა და გულის პრობლემების მქონეებმა პრევენციული ზომები მიიღეთ.
ამ დღეს აქტიურდება ქალური, ფემინური ენერგია და მასკულინური, პირიქით - სუსტდება, ამიტომ კაცებს სავსემთვარეობაზე ფიზიკური დატვირთვისაგან თავის არიდებისკენ მოუწოდებენ.
ყველაზე კარგი იქნება თუ მედიტირებით დავკავდებით, რამეს დავხატავთ, შევქმნით, გამოვძერწავთ... ყველა ტიპის შემოქმედებითი პროცესები ხვალ ძალზე რეზულტატური შეიძლება რომ იყოს. კარგია სახლის დალაგებაც და ზედმეტი ნივთებისაგან გამოთავისუფლებაც.
ასევე კარგია ორგანიზმის დეტოქსი, დიეტა.
საბედნიეროდ ამ სავსემთვარეობას დაძაბულ ასპექტებთან ერთად იუპიტერთან ჰარმონიული სექსტილიც ახლავს.
იმედი ვიქონიოთ, რომ „დიდი ბედნიერების პლანეტა“ გადაწონის მოსალოდნელ ნეგატივს და ყველაფერს მშვიდობით გადავაგორებთ. ამაში იუპიტერიანული ფილოსოფიური მიდგომები, სწორი მორალური და მოქალაქეობრივი პოზიცია, და აგრეთვე სულიერი ღირებულებები დაგვეხმარება.
ვისაც აქ არაფერი გყავთ, დიდი ალბათობით ვერაფერსაც ვერ იგრძნობთ.
და ჰო, ახალს არაფერს ვიწყებთ 3 ნოემბრამდე. აბა, თქვენ იცით“,- წერს ხათუნა ნოელი.