მწველი მზე და გაუწყლოება - რაზე გვაფთხილებენ ექსპერტები ზაფხულში ამინდთან დაკავშირებით
ზაფხული, დარიანი ამინდი და მზიანი დღეები - ერთი შეხედვით უკეთესი არაფერია დასვენებისა და ხალისიანი განწყობის შესაქმნელად, თუმცა სწორედ მაღალი ტემპერატურა, მწველი მზე ქუჩაში და ცხელი ჰაერი სახლში იწვევს ორგანიზმის გადახურებას, მზით დამწვრობასა და სხვა უსიამოვნებებს. მეტიც, ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მეცნიერთა უკანასკნელი კვლევის თანახმად, სწორედ ზაფხულის სეზონზე იზრდება იშემიური და ჰემორაგიული ინსულტით გარდაცვალების რისკი, რადგან ამ ტიპის ინსულტით გარდაცვლილთა ათასი შემთხვევიდან 11 სწორედ ექსტრემალური სიცხითაა გამოწვეული.
ნაკლებად სანუგეშო მონაცემები აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასაც, რომლის ანგარიშმა დაადასტურა, რომ ბოლო ათწლეულში კანის კიბოთი დაავადების 10-დან 9 შემთხვევა სწორედ ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებითაა გამოწვეული. გარდა ამისა, მზის გამოსხივება სერიოზულ ზიანს აყენებს სახის კანს, აჩენს ნაოჭებს, არასასიამოვნო ლაქებს და პროვოცირებს ნაადრევ დაბერებას, იწვევს თვალების დაავადებებს და აქვეითებს იმუნურ სისტემას.
რა თქმა უნდა, მზის შიშით არც სახლში გამოკეტვა ღირს, არც ზღვაზე ან მთაში დიდი ხნის ნანატრ შვებულებაზე უარის თქმა, თუმცა კომფორტული დასვენების უზრუნველსაყოფად საჭიროა მზისგან დაცვის მარტივი რჩევების გათვალისწინება.
ულტრაიისფერი გამოსხივების ინდექსი
პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ ულტრაიისფერი გამოსხივების (UV) ინდექსს, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შეიმუშავა და ამერიკის მეტეოროლოგიურ ცენტრში გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ UV-ინდექსი 0-დან 11-მდე დიაპაზონში იზომება - 0-2 - გამოსხივების დაბალ დონეს, 3-5 - ზომიერს, 6-7 - მაღალ დონეს, 8-10 - ძალიან მაღალს, 11 კი - ექსტრემალურ დონეს გულისხმობს, ამიტომ ქვეყნებს, სადაც ულტრაიისფერი გამოსხივების ინდექსი 8-ის ნიშნულს აღემატება, ამერიკელი მეტეოროლოგები გაფრთხილებასთან ერთად რეკომენდაციის ნუსხასაც უგზავნიან.
„ვერაგი“ ჩრდილი
შესაძლოა ბევრმა არ იცის, რომ დიდხანს ჩრდილში გაჩერებაც ისეთივე სახიფათოა, როგორც მზის გულზე. მართალია, დამცავი ქოლგა მეტ-ნაკლებად ანეიტრალებს ულტრაიისფერ გამოსხივებას, მაგრამ სრულად ვერც ის უზრუნველყოფს მზისგან დაცვას, რადგან დაახლოებით 40%-ით კანი მაინც განიცდის მავნე ზეგავლენას. არ ღირს გათამამება არც ღრუბლიან ამინდში, რადგან სწორედ ღრუბლებში დამალული მზე „იკბინება“ შეუმჩნევლად და ყველაზე მტკივნეულად.
მნიშვნელობა არ აქვს ქალაქში გეგმავთ გასეირნებას, პლაჟზე გინდათ გარუჯვა, თუ მთაში აპირებთ ლაშქრობის მოწყობას, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა მზისგან დამცავი საცხის გამოყენება. სასურველია, საცხი, რომელსაც ყოველ 2 საათში ერთხელ დაიტანთ მშრალ კანზე, ინდექსით SPF 30-ით იყოს, რაც მოქმედების ფართო სპექტრს გულისხმობს და ერთნაირად ეფექტურად იცავს კანს როგორც UV-A, ისე UV-B გამოსხივების შემთხვევაში.
მზის აქტივობის პიკი
დილის 11-დან 16 საათამდე ყველაზე კრიტიკულ პერიოდად ითვლება დღის მანძილზე, რადგან მზე აქტივობის პიკს აღწევს. უმჯობესია ამ პერიოდში თავი შეიკავოთ ქუჩაში გასვლისგან, მით უფრო ზღვაში ნებივრობისა და პლაჟზე გარუჯვისგან. იმ შემთხვევაში, თუ გადაუდებელი საქმე გაქვთ, ეცადეთ დიდხანს არ გაჩერდეთ ავტომობილში, არ ღირს მზის პიკური აქტივობის პერიოდში არც ბავშვების და შინაური ცხოველების გარეთ გაყვანა, სუფთა ჰაერზე ვარჯიშისთვის კი, შეარჩიეთ შედარებით გრილი პერიოდი - დილას, 10 საათამდე ან საღამოს, 18 საათის შემდეგ.
მეტი სუფთა წყალი
სიცხით გამოწვეული უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ორგანიზმში სითხის ბალანსის შენარჩუნება, თუმცა, მედიკოსები მხოლოდ სუფთა წყალს უწევენ რეკომენდაციას, ალკოჰოლისგან, გაზიანი და ტკბილი სასმელისგან კი, თავის შეკავებას გვირჩევენ.