თუ მეორედ ტანსაცმელს ყიდულობთ, ეს საფრთხე გემუქრებათ

13-04-2024
გიორგი ამილახვარი
Aa
თუ მეორედ ტანსაცმელს ყიდულობთ, ეს საფრთხე გემუქრებათ

მეორადი ტანსაცმელი მსოფლიოში სულ უფრო მოთხოვნადი და პოპულარული ხდება, ამ ტენდენციას არც საქართველო ჩამორჩება. შესაბამისად, მზარდია იმპორტიც. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს თებერვალში საქართველოში 3,078 მლნ აშშ დოლარის მეორადი მოხმარების ტანსაცმელი შემოვიდა, რაც 38%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. 2023 წლის თებერვალში საქონლის იმპორტმა 2,236 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება წლიურ ჭრილს, 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, მეორადი ტანსაცმლის იმპორტი 6,2 მლნ აშშ დოლარით არის გაზრდილი. კერძოდ, გასულ წელს საქართველოში 40,745 მლნ აშშ დოლარის მეორადი ტანსაცმელი შემოვიდა, 2022 წელს 34,513 მლნ აშშ დოლარის.

სპეციალისტები ამბობენ, რომ მეორადი ტანსაცმლით ვაჭრობის და მოხმარების ზრდა ცუდი არ არის, თუმცა კონტროლი აუცილებელია, რაც ჩვენს ქვეყანაში არ ხდება. მით უფრო, რომ მეორადი ტანსაცმელი დამუშავებისა და შენახვის პირობებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის საშიში აღმოჩნდეს.

როგორც დერმატოლოგმა ნინო ორახელაშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში “თქვენი დრო“ განმარტა, თუ ტანსაცმელს სპეციფიკური სუნი აქვს, ესე იგი, შესაბამისი ხსნარით დამუშავებულია, თუმცა ეს დამშვიდების საშუალებას არ იძლევა, რადგან შესაძლოა, ამის შემდეგ შენახვის პირობები დაირღვა და მისი მოხმარება მაინც საშიში იყოს.

„დამუშავებულიც რომ იყოს, ისიც გასარკვევია, რა პირობებში ინახებოდა, სანამ წამოვიდა. შეიძლება დაამუშავეს, მაგრამ იყო ნესტში, სადაც არ ნიავდებოდა, რაც „კარგი წყაროა“ ობის სოკოს განვითარებისთვის და მტვრის ტკიპასთვის. ამ შემთხვევაში, შეიძლება, კანის ქავილი დაიწყოს, უკვე არსებული დაავადებები გაამწვავოს, კანზე ალერგიული რეაქცია წამოვიდეს. მეორეს მხრივ, თუ დამუშავებულია, შეიძლება თვითონ ამ ქიმიურმა საშუალებებმა ალერგიული რეაქცია მოგცეთ“,- აღნიშნა ნინო ორახელაშვილმა.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, დერმატოლოგი ამბობს, რომ აუცილებელია ტანსაცმლის 60-70 გრადუსში გარეცხვა, ასევე, ორთქლით დამუშავება.

„არის ქსოვილები, რომელიც ასეთ ტემპერატურაზე ვერ გაირეცხება, მაგალითად, აბრეშუმი, ამიტომ ორთქლით უნდა დამუშავდეს. უთოებს აქვს ახლა ეგ ფუნქცია და აუცილებლად უნდა მოხდეს დამუშავება. ფეხსაცმელშიც, არის სადეზინფექციო საშუალებები, რომლის შესხურებაც ხდება და შემდეგ დახურულ პარკში შენახვა.

თუ ატყობენ, რომ კანი გაღიზიანდა, ან უცაბედად ქავილი დაიწყო, ეს შეიძლება მუნი იყო, ან კანის გაღიზიანება, აღარ გამოიყენონ ეს ტანსაცმელი და მიმართონ დერმატოლოგს“,- განაცხადა ნინო ორახელაშვილმა.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები