საქართველოს ხელისუფლების 2 მთავარი მოთხოვნა - ერგნეთში საგანგებო შეხვედრის დეტალები ცნობილია

07-11-2023
ლექსო ნოზაძე
Aa

რუსეთის აგრესიის მორიგი მსხვერპლი საქართველოს მოქალაქე - ერგნეთში საგანგებო შეხვედრა დასრულდა.

როგორც სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებამ საოკუპაციო ძალებს ორი მთავარი საკითხი დაუყენა: გატაცებული ლევან დოთიაშვილის უპირობო გათავისუფლება და თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯა.

"ველოდებით საოკუპაციო ძალებისგან დასტურს, რათა პირველ რიგში, რაც მთავარია, უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც შეესწრო ამ მკვლელობის ფაქტს, რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე", - აცხადებს სუს-ის წარმომადგენელი.

ირაკლი ანთაძემ კირბალში მომხდარ საზარელ დანაშაულს "მკველობა" უწოდა.

"მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არ არის ჩვენი მოქალაქის რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მკვლელობის პირველი შემთხვევა", - თქვა მან.

ანთაძემ მედიასთან საოკუაიო რეჟიმის "უკუკავშირზეც" ისაუბრა და თქვა, რომ საოკუპაციო რეჟიმი აწარმოებს ე.წ. გამოძიებას და ამბობენ, რომ დამნაშავეები "დაისჯებიან"

სუს-ში ამტკიცებენ იმასაც, რომ საქართველოს ხელისუფლებას პერმანენტულ რეჟიმში აქვს კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან.

როგორ გაიგო საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ თამაზ გინტურისის მკვლელობის შესახებ?!

ირკვევა, რომ ზარი ოკუპირებული ტერიტორიიდან ცხელი ხაზით განხორციელდა - საოკუპაციო რეჟიმი კირბალთან სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლას ითხოვდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადას ადგილზე გვამი დახვდა. (ერთ-ერთი ვერსიით, 60 წლის კაცს ჭრილობა ზურგის არეში აქვს მიყენებული)

რა ბედი ელის ლევან დოთიაშვილს?!

სუს-ის მაღალჩინოსანი მედიას ეუბნება, რომ „რუსეთის საოკუპაციო ძალების რაობიდან გამომდინარე, შესაძლოა, გადმოცემის პროცესი გარკვეული დროით გაგრძელდეს".

ვინ არის ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური?

60 წლამდე კაცი, აგვისტოს ომის მონაწილე და ყოფილი სპეცრაზმელია. თამაზ გინტური გორის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკოლოზ გინტურის ძმა იყო.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები