"მზია ამაღლობელს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მაგრამ, ეს კინო ნანახი გვაქვს სააკაშვილის სახით" - ირაკლი ზარქუა
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ, „ნეტგაზეთი/ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელზე ისაუბრა. ზარქუა მას გამოჯანმრთელებას კიდევ ერთხელ უსურვებს, თუმცა ამბობს, რომ მსგავსი სიტუაცია საზოგადოებას უკვე უნახავს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის დროს.
„თუ გახსოვთ, 100 დღე ან მეტი შიმშილობდა სააკაშვილი. მაშინაც ხელისუფლებას ევროპიდან ამუნათებდნენ და ადანაშაულებდნენ, თუმცა, საბოლოოდ, ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა. სამართლებრივ სახელმწიფოში ვერავინ მიიღებს ინდულგენციას იმ მიზეზით, რომ შიმშილობა დაიწყო."
ზარქუას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაშიც იყო კრიტიკა დასავლეთიდან, თითქოს პატიმარს მიზანმიმართულად ვნებდნენ, თუმცა, მისი თქმით, საბოლოოდ ეს ყველაფერი სიცრუე აღმოჩნდა.
"ჩვენი პასუხისმგებლობაა, ბრალდებულს საჭირო სამედიცინო დახმარება მივაწოდოთ, დანარჩენი კი თავად უნდა გადაწყვიტოს. საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, თავისუფალი საზოგადოებით. მაშინაც, გახსოვთ, როგორ გვაშავებდნენ ევროპიდან, თითქოს სააკაშვილს ვაწამებდით - საბოლოოდ, კვება დაიწყო და ნორმალურ მდგომარეობაშია.
არავის ექნება გარანტია, რომ შიმშილობით თავისუფლებას მოიპოვებს. არსებობს კონკრეტული ბრალდება და დანაშაული, შესაბამისად, მოსამართლე და პროკურორი გადაწყვეტენ მის ბედს. არც პეტიცია, არც რეზოლუცია და არც ჯო უილსონის ტვიტერი არ გახდება მიზეზი, რომ დამნაშავემ თავი აარიდოს სასჯელს. ეს სამართლებრივი სახელმწიფოა.
ევროპასა და ამერიკაში პოლიციელზე თავდასხმას ვინმე გაუტარებდა? იქაც იგივე რეაგირება ექნებოდათ სამართალდამცავ ორგანოებს. მინდა, ევროპარლამენტარებს ვკითხო: თქვენს ქვეყანაში, პოლიციელს თუ ვინმე ასე გაარტყამდა ხელს, სახლში გაუშვებდით? ეს საქართველოა, სამართლებრივი სახელმწიფო, უდიდესი ისტორიისა და ცივილიზაციის მქონე", - განაცხადა ზარქუამ.