ვინ არის ერთადერთი მოსამართლე, რომელმაც დააკმაყოფილა საია-ს სარჩელი უბნების გაბათილებაზე

05-11-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა [თეთრიწყაროს სასამართლო] არის ერთადერთი, ვინც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 24 სარჩელიდან დააკმაყოფილა მოთხოვნა უბნების გაბათილებაზე.

რაში მდგომარეობდა საიას სარჩელი?

ორგანიზაცია დავობდა, რომ ელექტრონული ხმის მიცემის მქონე უბნებზე ხილვადი იყო ბიულეტენზე მარკერით გაფერადებული ხაზი, რაც არღვევდა ხმის ფარულობას.

„სასამართლოს მიერ შემთხვევითი შერჩევით შემოწმდა წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში რამდენიმე უბნის ბიულეტენი, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალი ხილვადია, რაც არღვევს ხმის ფარულობის უფლებას. მოსამართლემ, რომელიც თავად ჩაატრა შემოწმების პროცესი, დააფიქსირა ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსებისას ფარულობის დარღვევის აშკარა ფაქტი“, – აცხადებენ საიაში.

რა ვიცით ვლადიმერ ხუჭუაზე

„ნეტგაზეთმა“ მოსამართლე ხუჭუაზე ინფორმაცია ღია წყაროებიდან შეკრიბა.

იუსტიციის საბჭოს ვებ-გვერდის თანახმად, სასამართლო სისტემაში მან 2002 წელს დაიწყო მუშაობა – 26 წლის ასაკში. მოსამართლეობას შეუდგა 2012 წლის მაისიდან, მუშაობდა სხვადასხვა ოლქებში. 2021 წლის ივნისიდან იგი არის თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წალკის მუნიციპალიტეტში. 2022 წელს საბჭომ ერთხმად აირჩია ხუჭუა თეთრიწყაროს სასამართლოს თავმჯდომარედ.

2006 წელს ხუჭუას აგრეთვე მიენიჭა ღირსების ორდენი.

ხუჭუა ფიგურირებდა „ნეტგაზეთის“ 2023 წლის მასალაში – რომელ მოსამართლეებს ჩუქრიან ძვირადღირებულ საჩუქრებს? – IDFI-ის კვლევა. მაშინ მისმა მეუღლემ მამისგან საჩუქრად 50 ათასი დოლარი მიიღო – 2022 წელს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგი“ ხუჭუაზე ასევე 2022 წელს წერდა და მისი გამოსვლის შეფასებისას აღნიშნავდა, რომ „ეს არის ის უიშვიათესი შემთხვევა საქართველოში, როდესაც მოსამართლე საქმეთა განაწილების პრობლემაზე ღიად საუბრობს“.

რაც შეეხება ქონებას, ხუჭუამ 2023 წელს ხელფასის სახით 91 072 ლარი მიიღო. მასსა და მეუღლეს ასევე აქვთ ფულადი დანაზოგები – 26 500 დოლარი და 17 800 ლარი [მეუღლეს] და 7000 დოლარი და 4000 ევრო [თავად ხუჭუას]. მათივე მფლობელობაში ოთხი მიწის ნაკვეთიც არის.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები