"ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრებისთვის სანქციები არ დაგვიწესებია" - აშშ-ის საელჩოში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ
"ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრებისთვის სანქციები არ დაგვიწესებია" - აშშ-ის საელჩოში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-მ "ქართული ოცნების" დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების სანქციები დაუწესა.
"რადიო თავისუფლებისთვის" საელჩოს მიერ გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი საჯაროდ აქვეყნებს ყველა ფინანსურ სანქციას.
"ბიძინა ივანიშვილის ან მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ შეერთებულ შტატებს ფინანსური სანქციები არ დაუწესებია" - ამბობენ საელჩოში.
ტელეკომპანია "ფორმულას" გადაცემა "დროებამ" წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ
"წყაროს ცნობით, აღნიშნული ზომა გამომდინარეობს ე.წ. პრესანქციური - წინა სასანქციო რეჟიმიდან. ეს კი გულისხმობს, რომ ფინანსური ინსტიტუტები გადაწყვეტილებას ანგარიშის მფლობელის ან მასთან დაკავშირებული სუბიექტის სასანქციო რეჟიმში გადაყვანის თაობაზე იღებენ მაღალი სანდოობის მატარებელი ინფორმაციის კვალობაზე, რომელსაც აშშ-ის ხაზინის ან სახელმწიფო დეპარტამენტი, ან ევროპული ინსტიტუტები ავრცელებენ. საუბარია არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის ან ევროკავშირის იურისდიქციის ქვეშ მოქმედ საბანკო ინსტიტუტებზე" - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ივანიშვილის შვილები, წლებია რაც საქართველოში არ ცხოვრობენ. ბერა მეუღლესთან და შვილებთან ერთად ბრაზილიაშია. პანდემიის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში ბერა ივანიშვილი მეუღლე ნანუკა გუდავაძესთან და უფროს შვილთან, ბერუკასთან ერთად სამხრეთ კორეაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ბერას მუსიკალური კარიერა უნდა აეწყო. მოგვიანებით წყვილი ბრაზილიაში გადავიდა, სადაც ორი წელი გაატარეს და სწორედ იქ შეეძინათ მეორე შვილი, დადუ ივანიშვილი.