პუტინის შენახვა რუსებს 26%-ით უძვირდებათ
რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2025 წელს პუტინისა და მისი აპარატის შენახვაზე ხარჯი მეოთხედზე მეტად იზრდება.
ინფორმაციას The Moscow Times ავრცელებს.
კერძოდ, დოკუმენტის მიხედვით, პუნქტში, „რუსეთის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია,“ ხარჯი 30,9 მლრდ რუბლამდე (332 მლნ დოლარამდე) იზრდება, რაც, მიმდინარე წელთან შედარებით, 25,6%-ით მეტია.
ხარჯის ზრდის მთავარი ფაქტორი, როგორც თავად პუტინისთვის, ასევე, კრემლის თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდაა. სახელფასო ფონდი პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის, რომელშიც, დაახლოებით, 1,5-2 ათასი ადამიანი არის დასაქმებული, 2025 წელს 18-დან 21 მლრდ რუბლამდე (193-იდან 226 მლნ დოლარმადე) იზრდება. ასევე, სახელმწიფოს მეთაურისა და კრემლის ოფიციალური პირებისთვის ხარჯის მნიშვნელოვნად გაზრდა საქონლისა და მომსახურების შესყიდვაზეც იგეგმება.
პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის შესანახი ხარჯის გარდა, 2025 წელს უკრაინის ომის დაფინანსებაც მნიშვნელოვნად იზრდება. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, „ეროვნულ თავდაცვაზე“ ხარჯი, თითქმის, 25%-ით გაიზრდება და 13,5 ტრლნ რუბლს (145 მლრდ დოლარამდე) მიაღწევს, რაც ფედერალური ბიუჯეტის მთლიანი ხარჯის, ანუ დაგეგმილი 41,47 ტრლნ რუბლის (445 მლრდ დოლარის) 32,5%-ს შეადგენს. ეს მაშინ, როცა სოციალური პოლიტიკისთვის მხოლოდ 6,49 ტრლნ რუბლი (69,6 მლრდ დოლარი) გამოიყოფა, რაც მთლიანი ხარჯის მხოლოდ 15,7%-ია. ადრე სოციალური მუხლები რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ყოველთვის წამყვან პოზიციებს იკავებდა.
ომისა და საპრეზიდენტო აპარატის შენახვის ხარჯის ზრდის ფონზე ხელისუფლება მოქალაქეებისა და ბიზნესისგან ჯარიმების ამოღების მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს. კერძოდ, ფედერალური ბიუჯეტის პროექტის შესაბამისად, 2025 წლიდან 2027 წლამდე პერიოდში სახელმწიფო ხაზინა ჯარიმების, სანქციებისა და ზიანის ანაზღაურების გზით, დაახლოებით, 600 მლრდ რუბლს (6,4 მლრდ დოლარს) მოელის. ამ თანხიდან, დაახლოებით, 60 მლრდ რუბლის (645 მლნ დოლარის), ანუ წლიურად 19,1 მლრდ რუბლის (205 მლნ დოლარის) მიღება მოქალაქეების ქონების კონფისკაციით იგეგმება.
შედარებისთვის: 2023 წელს ჯარიმების, სანქციებისა და ზარალის ანაზღაურების გზით თანხის ამოღების გეგმა 119,6 მლრდ რუბლს (1,3 მლრდ დოლარს) შეადგენდა, ხოლო წელს 174,4 მლრდ რუბლია (1,9 მლრდ დოლარია), მაშინ, როცა 2021 წლის ომამდე ეს ოდენობა მხოლოდ 81 მლრდ რუბლს (870 მლნ დოლარს) შეადგენდა.