კობახიძე: "პოლიტიკური პარტიების გაუქმება დემოკრატიული პროცესია"
ქართული ოცნების ხელმძღვანელობა ამომრჩეველს ჰპირდება, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას აკრძალავს, რაც პრაქტიკულად ოპოზიციური პარტიების გაუქმებას ნიშნავს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტიების გაუქმება დემოკრატიული პროცესია:
„სააკაშვილის რეჟიმი არ არის ქართული სახელმწიფო. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვსაუბრობთ სააკაშვილის რეჟიმის გასამართლებაზე და რა თქმა უნდა, ეს პროცესი ვერავითარ საფრთხეს ვერ შეუქმნის ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, რაც ყველას თავიდან ბოლომდე უნდა ჰქონდეს გააზრებული. რაც შეეხება არალეგიტიმური, არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვას, ეს არის ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცედურა, როდესაც არსებობს ყველა სამართლებრივი საფუძველი, დემოკრატიულ სახელმწიფოში სწორედ ასე უნდა ხდებოდეს.
ერთმანეთის მიყოლებით იკრძალება პოლიტიკური პარტიები უკრაინაში, მოლდოვაში და ამასთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიური შეფასებები ისმის იგივე ევროკავშირის მხრიდან. ეს არის დემოკრატიული პროცესი, როდესაც პოლიტიკური პარტია პრობლემებს უქმნის სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს, როდესაც პოლიტიკური პარტია თავისი შინაარსით არის ანტიკონსტიტუციური, ანტიდემოკრატიული, რა თქმა უნდა, მისი აკრძალვა არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნისა და დემოკრატიული სისტემის წინაშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.