აღმოჩენილია მონსტრი შავი ხვრელი - რას უქადის ეს დედამიწას, რას ამბობენ მეცნიერები

09-07-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

თუ ფიქრობთ, რომ მგელივით მადა გაქვთ, ამ მხრივ ახლოსაც ვერ მიხვალთ ახლახან აღმოჩენილ სუპერმასიურ შავ ხვრელთან.

კვაზარი გალაქტიკის, სახელად J0529-4351-ის ცენტრში მდებარე შავი ხვრელი წარმოუდგენლად ბევრ მატერიას შთანთქავს — დღეში დაახლოებით მზის მასის ოდენობის მტვერსა და გაზს და შედეგად, უკვე აქვს 17 მილიარდი მზის მასა.

ის ყველაზე „მშიერი“ შავი ხვრელია ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის და იმდენად სწრაფად იზრდება, რომ პრაქტიკულად იმყოფება მატერიის აკრეციის (მიერთების) მაქსიმალურ ლიმიტთან. კვლევას ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის ასტრონომი კრისტიან ვულფი ხელმძღვანელობდა.

წარმოადგენს ბრწყინვალე ლაბორატორიას იმის შესასწავლად, თუ როგორ იზრდებიან და ვითარდებიან სუპერმასიური შავი ხვრელები ასე ექსტრემალურ მასშტაბებამდე.

სუპერმასიური შავი ხვრელები სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მომაჯადოებელი ობიექტებია. მათში თავს იყრის მილიონობით და მილიარდობით მზის მასა და როგორც წესი, გალაქტიკების ცენტრში გვხვდება; სწორედ მათ გარშემო მოძრაობს გალაქტიკის ყველა სხვა დანარჩენი ობიექტი.

საქმე ის არის, რომ მეცნიერებმა დაზუსტებით არ იციან, როგორ იზრდებიან ისინი ასეთ უკიდურეს ზომებამდე. გაცილებით პატარა შავი ხვრელები, რომლებშიც რამდენიმე ათეული მზის მასა იყრის თავს, მასიურ ვარსკვლავთა სიკვდილისას, მათი ბირთვის პირდაპირი კოლაფსისას წარმოიქმნება, შემდეგ კი სხვა ასეთივე, ვარსკვლავური მასის შავ ხვრელებთან შეჯახების შედეგად იზრდებიან.

თუმცა, სუპერმასიური შავი ხვრელები იმდენად დიდებია, რომ ამ გზით ვერ გაჩნდებოდნენ, განსაკუთრებით სამყაროს ისტორიის ადრეულ ეტაპზე.

არსებობს ფორმაციის სხვა თეორიული არხებიც, მაგრამ ერთი გზა, რომლითაც შეგვიძლია უკეთესად შევისწავლოთ, თუ როგორ გახდნენ სუპერმასიური შავი ხვრელები ამ მასშტაბის, არის ზრდის პროცესში მყოფ შავ ხვრელთა შესწავლა. სწორედ აქ შემოდის სცენაზე J0529-4351-ის მსგავსი კვაზარები. ეს გახლავთ გალაქტიკები, რომელთა ცენტრშიც მატერიის აქტიურად შთანთქმის პროცესში მყოფი შავი ხვრელებია.

ასეთი შავი ხვრელი მდებარეობს მატერიის უზარმაზარი, მორევივით მბრუნავი მასის ცენტრში, რომელიც მასში ისე ჩაედინება, როგორც წყალი სადრენაჟო ჭაში.

წყარო: 1tv.ge მეცნიერება


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები