კახა კალაძე - სავიზო შეზღუდვების დაწესება არ ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ, არ ცვლის ჩვენს გადაწყვეტილებას, როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებზე და ხვალინდელ დღეზე
სავიზო შეზღუდვების დაწესება არ ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ, არ ცვლის ჩვენს გადაწყვეტილებას, როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებზე, ამ ქვეყნის მომავალზე და ხვალინდელ დღეზე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, საქართველო მზად არის, რათა სტრატეგიულ-პარტნიორული ურთიერთობის გადატვირთვა მოხდეს და იყოს ნამდვილი, ჯანსაღი ურთიერთობები.
„ჩვენ ერთხელ უკვე მოვისმინეთ განცხადება სანქციებთან დაკავშირებით. განცხადება გუშინაც გაკეთდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ, ეს არ ცვლის ჩვენი გადაწყვეტილების შეცვლას, როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებზე, ამ ქვეყნის მომავალზე და ხვალინდელ დღეზე. არავის ეშინია ამ სანქციების. არანაირი შეტყობინება არ მიმიღია, ყველაფერი, რაც ხდება, ღიმილის მომგვრელია, არასერიოზულია. შესაბამისად, ჩვენ გაცხადებული გვაქვს ჩვენი პოლიტიკა, რომ ვიცავთ ქვეყნის ინტერესს. გვინდა, ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სიმშვიდე, მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, გაძლიერება. გუშინაც ვისაუბრე ამაზე, რომ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, მზად ვართ, რათა სტრატეგიულ-პარტნიორული ურთიერთობის გადატვირთვა მოხდეს, იყოს ნამდვილი, ჯანსაღი ურთიერთობები, რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც.